24-03-2020
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები ხორციელდება. განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ხანდაზმულები არიან. დღეს მათთან გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე იმყოფებოდნენ. „ დღეს, პირადად გავეცანი ლანჩხუთში ხანდაზმულების საჭიროებებს, ასევე ვესაუბრე ვირუსის პრევენციული ღონისძიებების შესახებ. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია თითოეულ მოქალაქეზე ზრუნვა და მათთან კომუნიკაცია ინტენსიურად გვექნება. მინდა მოვუწოდო ასევე ყველას, რომ დაიცვან რეკომენდაციები, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და დარჩნენ სახლში“ - განაცხადა ზურაბ ნასარაიამ. როგორც მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა განმარტა, მარტოხელა და სოციალურად დაუცველი მოსახლეობა „უფასო სასადილო მზრუნველობა მოკლებულთათვის“ პროგრამის ფარგლებში ადგილზე მიტანის სერვისით სარგებლობს. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მოხუცებს არ მოუწიოთ გარეთ გასვლა და საკვები სახლში მივუტანოთ. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოხალისეთა 24 ჯგუფია შექმნილი, ისინი საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებთან მივლენ და მედიკამენტებითა და საკვები პროდუქტებით მოამარაგებენ.