24-03-2020
ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი შალვა კიკნაველიძე სოციალურ ქსელ facebook-ის გვერდზე სამაჟორიტარო ოლქის მოსახლეობისადმი მიმართვას ავრცელებს:
„ყველა კარგად ვაცნობიერებთ, თუ რა დიდი გამოწვევის წინაშე დგას მსოფლიო და, მათ შორის, საქართველო. კორონავირუსის გლობალური საფრთხის გამო აუცილებელი გახდა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ყველამ ერთად ვიბრძოლოთ ვირუსის წინააღმდეგ, რათა დავიცვათ ჩვენი ოჯახი და ახლობლები. ამ კრიზისის პირობებში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტი უმნიშვნელოვანეს კვანძს წარმოადგენს მთელი ქვეყნისთვის. გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ჩვენ წარმოვადგენთ დამაკავშირებელ ხიდს საქართველოში. ზესტაფონი პრაქტიკულად ერთადერთი უალტერნატივო დერეფანია ქვეყნის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილების დასაკავშირებლად. აქ უნდა გაიაროს ყველა ტვირთმა, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე ევროპისა და აზიისთვის.
მოგმართავთ თხოვნით, მაქსიმალურად შეიკავეთ თავი სახლიდან გასვლისგან. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში იმოქმედეთ მედიკოსების რეკომენდაციების შესაბამისად - დაიცავით დისტანცია, მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, შეეცადეთ არ შეეხოთ სხვადასხვა საგნებს და დაიცავით ჰიგიენა.
ვირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დარეკეთ 112-ში, ან დაუკავშირდით ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს: 1505. ასევე, მუშაობს მუნიციპალიტეტის მერიის ცხელი ხაზი: ქალაქის ნომრებიდან: 25 26 26, მობილურიდან 0492 25 26 26.
დღეს ამ საკითხის მიმართ გულგრილი დამოკიდებულება, უყურადღებობა, ან სიმპტომების დამალვა შესაძლოა ასობით ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად დაგვიჯდეს. ხელისუფლება, როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ დონეზე, 24 საათიან რეჟიმში რჩება თქვენს სამსახურში და მყისიერად მოახდენს რეაგირებას თქვენს საჭიროებებზე, რათა თავიდან ავირიდოთ ვირუსის უკონტროლო გავრცელება.
დარწმუნებული ვარ, გულისხმიერი დამოკიდებულებით და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით ჩვენ ერთად დავძლევთ ამ კრიზისს!
მოგიწოდებთ, დარჩით სახლში და იზრუნეთ ერთმანეთის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე! ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ! გისურვებთ ჯანმრთელობას!”-წერს დეპუტატი.