26-03-2020
მარნეულიდან თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სუნთქვის უკმარისობით გადაყვანილ ჩვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ლალი ტურძელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმის, ჩვილის მდგომარეობა გაცილებით უკეთესია.
„რაც შეეხება ჩვილის მდგომარეობას, ბავშვის მდგომარეობა გაცილებით უკეთესია. რომ შემოვიდა იყო კრიტიკულად მძიმე და ამ წუთში ითვლება, რომ არის საშუალო სიმძიმის. დინამიკა ძალიან დადებითია და ჩვენ ეს ძალიან გვიხარია. მინდა აქვე ვთქვა, რომ ბაბუა რეკავს ამ ბავშვთან დაკავშირებით და თქვა, რომ დედას ტემპერატურა აღარ აქვს და თავს უკეთესად გრძნობს. იქ არის, მარნეულში დედა“, - განაცხადა ექიმმა.
21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 77 ადამიანს დაუდასტურდა. ამ დროისთვის კლინიკებიდან 10 პაციენტი გაეწერა . ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.