პოლიტიკაში ბიზნესიდან მივიდა, სადაც თავის დამკვიდრება, როგორც თავად აღნიშნავს, როგორც ქალისთვის, არცთუ ადვილი იყო… ყველაზე გვიან მასთან იმ ადამიანის აღიარება მივიდა, ვისი აზრიც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო – მამის. ახლა, როგორც თავად ამბობს, გამოცდის პერიოდი აქვს და საკუთარ თავს ახალი მიზანი დაუსახა…
ნინო წილოსანთან ინტერვიუ სასტუმრო „ამბასადორში“ ჩავწერეთ, მან fortuna.ge-სთან საქმეზეც ისაუბრა და პირადზეც…
პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება რთული იყო?
სანამ პოლიტიკაში მოვიდოდი, პრინციპში, დატვირთული დღის განრიგი მქონდა და საკმაოდ რთული იყო ჩემი საქმიანობა, თუმცა ახლა ამ ყველაფერს დაემატა საჯაროობა, თმენის ვალდებულება და ბევრი ისეთი ფაქტორი, რაც მანამდე არ იყო. ეს, თავისთავად, სირთულეც არის, თუმცა, ვფიქრობ, ნორმალურად ვართმევ თავს და ვათავსებ საქმიანობასა და ოჯახის საქმეებს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახი, არანაკლებ მნიშვნელოვანი – საქმე და ვცდილობ, ორივე ადგილას დაბალანსებულად ვიყო წარმოდგენილი…
ამას თან ახლავს პოპულარობის გარკვეული დოზაც, რომელიც თქვენ უკვე მიიღეთ… როგორია?
პოპულარობა, ზოგადად, კარგია, მაგრამ ინტერესის ქვეშ მყოფს გიწევს რაღაცებზე უარის თქმა. მაგალითად, იმ ცხოვრების წესზე, რომელიც აქამდე გქონდა – საჯარო ადგილას წასვლა, სადილი, ვახშამი. მაშინ, როცა ხარ პოლიტიკოსი და მით უმეტეს, სოციალურად შეჭირვებული რაიონების მაჟორიტარი, ცოტა სხვანაირად აღიქმება. თუმცა ეს ჩემი ცხოვრების წესი იყო და შესაბამისად, რთულია ამაზე უარის თქმა…
ერთი, ძირეული და მნიშვნელოვანი ფაქტორი არ შეცვლილა, ჩემი ოჯახისა და მეგობრებისთვის ყოველთვის მომეძებნება დრო. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც მთელი ცხოვრებაა მომყვებიან. მიუხედავად იმისა, სად ვიქნები, ეს ჩემი პიროვნების შემადგენელი ნაწილია. ისინი ჩემ გვერდით უნდა იყვნენ. ასე რომ, არ შეიცვალა მხოლოდ ეს – დანარჩენი: უფრო მეტად დაკავებული ვარ, ხშირად მიწევს გურიაში ყოფნა, მოსახლეობასთან შეხვედრა, ასევე ქუთაისში, პარლამენტში ყოფნა და საზღვარგარეთ ვიზიტებით წასვლა. ამ მხრივ ჩემი ოჯახი დიდი გამოცდის წინაშე დგას, განსაკუთრებით, ჩემი შვილები, რომელთაც უწევთ, ამდენი ხნის განმავლობაში ვერ ნახონ დედა…
რამხელები არიან?
სამი შვილი მყავს, უფროსი 15-საა, უმცროსი – 6-ის. ძალიან ყოჩაღად მიიღეს ჩემი ეს გადაწყვეტილება. წინასაარჩევნო პერიოდი იყო ძალიან დაძაბული და ფაქტობრივად, ორი თვის განმავლობაში ოჯახის წევრები არ მინახავს, რადგან სულ გურიაში ვიყავი. ჩემი შვილები თბილისში იყვნენ, სწავლის პერიოდი დაემთხვა და ვერ ჩამოდიოდნენ ჩემთან ხშირად. ახლაც, რაციონალურად უდგებიან ჩემს დაკავებულობას, არყოფნას. მაგრამ მეორე მხრივ, ვამბობ, რომ ვარ „ხარისხიანი“ დედა. ამაში ვგულისხმობ, რომ შეიძლება, ბავშვებისთვის დიდი დრო არ მაქვს გამოყოფილი, მაგრამ რაც მაქვს, იმას ხარისხიანად ვატარებთ ერთად, ვსაუბრობთ ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც ადარდებთ ან რაც უნდა მივაწოდო მათ, ასაკის მიხედვით.
მეუღლე?..
მეუღლე, ვლადიმერ აბულაძე ასევე მუშაობს, მაგრამ გარკვეული დოზით გადაინაწილა ჩემი ვალდებულებები და ძალიან არის ჩართული ბავშვების აღზრდაში. ამ ეტაპზე ის დიდ როლს თამაშობს.
შეგიძლიათ, გაიხსენოთ თქვენი სიყვარულის ამბავი?
(იღიმის) ჩემი მეუღლე არის ყოფილი კალათბურთელი, რომელიც სულ მეწუწუნება, რომ არასდროს დავდიოდი მის თამაშებზე, მიუხედავად იმისა, რომ მიყვარს სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესი… რომ გითხრათ, რომ კალათბურთის გულშემატკივარი ვარ და განსაკუთრებულ სიამოვნებას ვიღებ სპორტული თამაშების ყურებისას, არ იქნება სიმართლე. ჩემს მეუღლეს ეს დანაკლისი გამოჰყვა და სულ მეუბნება ხოლმე.
მიმაჩნია, რომ საკმაოდ პატარა ასაკში, 19 წლის დავოჯახდი, რასაც ჩემი შვილისთვის არ ვისურვებდი მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ უკმაყოფილო ჩემი დაოჯახების ფაქტით, სამი შვილით, ზოგადად, მეუღლით… ვფიქრობ, არაფერი დამაკლდა რადიკალურად, თუმცა შეიძლებოდა, დამკლებოდა, რომ არა ჩემი ძალიან მონდომებული ხასიათი. ვფიქრობ, უფრო მეტის სწავლა შემეძლო. თუ ახლა კონკრეტული მიმართულებით განათლებას ვიღებ დისტანციურად და ონლაინკურსებით, შემეძლო, ეს საფუძვლიანად გამეკეთებინა საზღვარგარეთ წასვლით… მგონია, რომ ახალგაზრდული წლები უნდა გამოიყენო კარგი განათლების მისაღებად. უცხოეთში ცხოვრების გამოცდილება ბევრ დადებითს გაძლევს.
ადრე დაოჯახებაში, თქვენ შემთხვევაში, მეტ მინუსს ვერ ხედავთ…
ეს პირველია, როცა ადრე არ დაოჯახდები, დედობის, შვილების ტვირთი არ გაქვს წამოკიდებული და დროს განათლებას ახმარ. მეორეა – შესაძლოა, ადრეულ ასაკში ვერ განსაზღვრო სწორად შენი პარტნიორი, დაოჯახდე ქვეემოციებით და არა გააზრებულად, საბოლოოდ კი, ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდეს. თავისთავად, არსებობს წარმატებული მაგალითები, მაგრამ ჩემი შვილისთვის დაოჯახებას 25 წლის შემდეგ ვისურვებდი (იღიმის).
თქვენმა მეუღლემ რით მოგხიბლათ? როგორც ჩანს, კალათბურთით არა…
(იღიმის) სპორტი არ ყოფილა მთავარი, მაგრამ თავისთავად, ესეც იყო შემადგენელი ნაწილი. სპორტსმენები განსაკუთრებულად საინტერესო ადამიანები არიან, ბევრ შრომას არიან მიჩვეულნი, ჯანსაღი ცხოვრების წესს ეწევიან, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. ამოსავალი წერტილი იყო ის, რომ ერთმანეთს კარგად შევეწყვეთ…
როგორც საქმიან ქალს, ისე მინდა, კითხვა დაგისვათ. კარიერის დასაწყისში რა სირთულეებს აწყდებოდით, როგორც ქალი?
ახლა, რაც პოლიტიკაში მოვედი და განსაკუთრებით აქტიურად ვარ ჩართული გენდერული თანასწორობის საკითხებში, შემიძლია, კონკრეტული სახელები დავარქვა იმ განცდებსა და პრობლემებს, რაც ამ წლების განმავლობაში მქონია. ქალებს, თავისთავად, აქვთ პრობლემები კარიერულ წინსვლაში და პირველი იწყება მამაკაცების უახლოესი გარემოცვიდან, მათი აღქმიდან. ჩემი მეუღლეც თავიდან ბედნიერად არ შეხვედრია იმ ფაქტს, რომ მე უფრო მეტად დაკავებული უნდა ვყოფილიყავი და ამ დისკომფორტს ვგრძნობდი. ასევე მუდმივად ვგრძნობდი გარკვეულ ირონიას მამაკაცების მხრიდან, როცა სერიოზულ თემებზე ვიწყებდი საუბარს, მაგალითად, მძიმე ინდუსტრიაზე და ვაგონებზე… ამას ვხედავდი და ვგრძნობდი. შეურაცხმყოფელია, როცა ცდილობ, შენი ცოდნა და გამოცდილება, მოსაზრებები გამოავლინო და ამ დროს ეჯახები გენდერულ სტერეოტიპს, გიყურებენ, ხარ ქალი და აქედან გამომდინარე, მიიჩნევენ, რომ შენ შეიძლება, არ გქონდეს კომპეტენტური მოსაზრებები გარკვეულ თემებზე. თუმცა, ესეც დროებითია, მამაკაცისთვისაც ადვილია, დაინახოს, რამდენად კომპეტენტური ხარ. საბოლოო ჯამში, ასეც ხდებოდა, დარწმუნებული ვარ.
მამაკაცებმა თქვენ გარშემო, მაგალითად, მამამ, როდის დაგაფასათ სათანადოდ?
მამა ძალიან აქტიურ როლს თამაშობდა ჩემს ცხოვრებაში. ბავშვობიდან მოყოლებული ის ჩემთვის საზომია, თავისი წარმატების ფორმულა აქვს, ისტორია და ამას სათანადოდ ვაფასებ. ამასთანავე, განსაკუთრებული ემოციები მაქვს მის მიმართ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რაც კი გამიკეთებია, სულ ვფიქრობდი, რამდენი ქულით შეაფასებდა… გამორჩეულად კრიტიკულია შვილების მიმართ. ყველაზე ბოლოს მამამ მაღიარა. ეს დიდი მოტივაცია იყო უფრო მეტის გასაკეთებლად. მამამ დაახლოებით სამი წლის წინ მაღიარა, მაშინ, როცა მომცა საშუალება, მასთან ერთად კონკრეტული გადაწყვეტილებები მიმეღო, გვერდით დამიყენა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დავიწყე ოჯახურ კომპანიაში მუშაობა, დავიწყე ბუღალტრობით და გავიარე ყველა საფეხური. ადამიანისთვის ხელოვნურად პოზიციების მინიჭების წინააღმდეგი ვარ, ყველაფერი უნდა გაიარო, სანამ მაღალ პოზიციამდე მიხვალ.
ახლა ვისი რჩევაა თქვენთვის მნიშვნელოვანი?
ბევრი ადამიანის აზრს ვითვალისწინებ, კონკრეტულად ვერ დავასახელებ. მიყვარს ადამიანების მოსმენა, ვითვალისწინებ ყველა რჩევას, თუ ჩავთვლი, რომ სწორია.
მუდამ კარგად გამოიყურებით. ჩაცმის სტილი შეგეცვალათ პოლიტიკაში წასვლის შემდეგ?
მიმაჩნია, რომ შიგთავსთან ერთად მნიშვნელოვანია მისი შეფუთვა. მე განსაკუთრებულ აქცენტს ცოდნასა და კვალიფიკაციაზე, მოსაზრებებზე ვაკეთებ, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ვიზუალი, ასე რომ, ამ მხარესაც დიდ ყურადღებას ვაქცევ. ჩაცმის სტილიც, გარკვეულწილად, შემეცვალა, რადგან ჩემი ადრინდელი იმიჯი საერთო კონტექსტიდან ამოვარდნილი იქნებოდა, თუმცა აქაც ვპოულობ გამახალისებელ ელემენტებს.
თავისუფალ დროს რითი ხართ დაკავებული?
ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ურთიერთობით. მივდივართ ქალაქგარეთ, ვერთობით სხვადასხვა ადგილას. ვსრიალებდი, მაგრამ ერთი წლის წინ გუდაურში ფეხი ვიტკინე, გავიკეთე ოპერაცია და ჯერჯერობით ვერ ვარ ფორმაში, მაგრამ გვაქვს გასართობები, რითაც ერთმანეთთან ყოფნას ვიხალისებთ. ის სამი თვე, როცა ოპერაცია გავიკეთე და რეაბილიტაციის პროცესი მქონდა, მძიმე იყო, ყავარჯნით დავდიოდი და კარგ ხანს მწარედ მახსოვდა, მაგრამ მეორე მხრივ, მაინც კარგი პერიოდი იყო, დიდი დრო გავატარე შინ, ბავშვებთან, წავიკითხე წიგნები, რომლებიც განსაკუთრებულად დამამახსოვრდა…
ჯანსაღ ცხოვრებაზე ვსაუბრობდით და ახლა ვარ დაკავებული ვარჯიშით, კვირაში სამჯერ დავდივარ დარბაზში. ყველას ვურჩევ ამას, რადგან ჯანსაღი ცხოვრების წესს არ აქვს ალტერნატივა.
ახლა ცხოვრების რა ეტაპი დაგიდგათ?
გამოცდის ეტაპი მაქვს. როცა არჩევნების დროს ვხვდებოდი უამრავ ადამიანს, ვპირდებოდი, რომ ბევრ რამეს გავაკეთებდი, მათი ცხოვრება უკეთესი რომ გამხდარიყო. პარლამენტში ყოფნის ოთხი წელი ჩემთვის გამოცდაა. თუკი ვერ მოვახერხე, რომ მაქსიმუმი გავაკეთო მათთვის, ეს იქნება წარუმატებელი პერიოდი და ჩემი ცხოვრების დიდი ტკივილი…
ახლა ვარ ძალიან დაძაბული, რადგან ყოველდღიურად მიწევს ამ ადამიანების პრობლემებთან შეჯახება, რაღაც ნაწილის მოგვარება, რაღაცების ვერმოგვარება. იმხელა პასუხისმგებლობა მაქვს, რაც აქამდე არ მქონია.
კრიტიკას როგორ ხვდებით?
პრინციპში, კარგად, რადგან თვითკრიტიკული ვარ. იმაზე მეტ შენიშვნას ვერავინ მომცემს, ვიდრე მე შემიძლია მივცე საკუთარ თავს. უსამართლო კრიტიკის მიმართ საკმაოდ მგრძნობიარე ვარ, რადგან თავად ვცდილობ, არ გავაკრიტიკო ადამიანები. თუკი არასწორი შენიშვნის მიცემა მომიხდა, თუნდაც შვილისთვის, შემდეგ ბოდიშის მოხდა არ მიჭირს. მაშინ, როცა ადამიანები კრიტიკას ზედაპირულად ისვრიან და სხვებსაც სტკენენ გულს, რადგან ჩემ მიმართ აგრესიული გამონათქვამები მხოლოდ ჩემზე არ აისახება, არამედ ჩემი ოჯახის წევრებზე, ეს გულსატკენია. მტკენია გული პერიოდულად, თავისთავად.
რა გახალისებთ ასეთ დროს?
ასეთ დროს მნიშვნელოვანია, იპოვო მოტივაცია, რომელიც წინ გამოძრავებს. ჩემთვის ასეთი რამ მუდმივი განვითარებისკენ სწრაფვაა და მინდა, ეს არასდროს დავასრულო…