10-04-2020
ლენტეხის მუნიციპალიტეტი ჩაიკეტა. მურის ხიდთან, სადაც გამშვები პუნქტია, გზა გადაკეტილია და პერიმეტრს სამართალდამცავები და სამხედროები აკონტროლებენ. ამ დროისთვის პერიმეტრზე არც მანქანებს და არც ქვეითად მოსიარულეებს აღარ ატარებენ.
ქრონიკის ინფორმაციით, ამ წუთებში ცაგერში საგანგებო შტაბის სხდომა მიმდინარეობს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ლენტეხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი 4 ადამიანს დაუდასტურდა.
საქართველოში კორონავირუსი 230 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 54 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.