გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ფოთში ქართული გადამზიდავი კომპანიების მძღოლებისთვის ტირ-პარკი მოეწყობა

14-04-2020

ფოთში, ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე ქართული გადამზიდავი კომპანიების მძღოლებისთვის ტირ-პარკი მოეწყობა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, აგრეთვე სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსა და ფოთის მუნიციპალიტეტისა და სხვა საჯარო უწყებების ორგანიზებით ფოთის აეროდრომის ტერიტორიაზე დროებითი ნაგებობები აშენდა, სადაც ქართული გადამზიდავი კომპანიების მძღოლები შეძლებენ, ახალი შეკვეთის მიღებამდე გაჩერდნენ. ტირ-პარკი ოფიციალურად უახლოეს დღეებში გაიხსნება.

ფოთის ტირ-პარკში არსებულ ვითარებას დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი გაეცნენ. მათ დაათვალიერეს დროებითი ნაგებობები, სადაც განლაგებულია სასადილოები და სველი წერტილები, მათ შორის, საშხაპეები. ტირ-პარკის ტერიტორიაზე მძღოლები უზრუნველყოფილი იქნებიან კვებით და ყველა სხვა აუცილებელი პირობით. ტირ-პარკის ტერიტორიაზე ქართველ მძღოლებს ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი და ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.

„მსგავსი ტირ-პარკი ასევე რუსთავშიც მოეწყობა, სადაც ქართველი მძღოლებისთვის მოეწყობა მაქსიმალურად კომფორტული პირობები, რათა მათ მომდევნო რეისამდე შეძლონ, ასეთი პარკის ტერიტორიაზე თვითიზოლაციაში დარჩენა. ამით უზრუნველყოფილი იქნება მძღოლების უსაფრთხოება,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინიტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილმა.

„სამი დღეა აქ ინფრასტრუქტურას ვაწესრიგებთ. შეიქმნა წყლის ინფრასტრუქტურა, კანალიზაცია, გარე განათება და ა.შ. ჩვენ ძალიან მალე შევძლებთ პირველი ტრაილერების მძღოლების მიღებას,“ - განაცხადა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილმა.

ფოთის ტირ-პარკის შემდეგ, ანალოგიური ინფრასტრუქტურა რუსთავშიც მოეწყობა. ტირ-პარკის ტერიტორიაზე 150-მდე მძღოლი ერთდროულად შეძლებს მომდევნო სატრანზიტო რეისამდე ცხოვრებას.

ფოთის ტირ-პარკში შესრულებულ სამუშაოებს ასევე დაეცნენ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი მიხეილ ხმალაძე და ფოთის მერი გოჩა კურდღელია.