23-04-2020
"ძალიან სამწუხაროა, მოვლენები, რომელიც გუშინ ქვემო ქართლში განვითარდა, ოპონენტებმა გამოიყენეს პოლიტიკური ქულების დასაწერად, რაც უპასუხისმგებლოა და პოლიტიკური ეთიკის ნორმებს ცდება. რთულ მდგომარეობაში არიან ჩვენი გლეხები და ეს ჩვენი გულისტკივილია. ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაცია მძიმდება და ამის საპასუხო ნაბიჯები ხელისუფლების მხრიდან იქნება.
ჩვენ ვეხმარებით ფერმერებსა და ორგანიზირებულ მყიდველებს კომუნიკაციაში. არვისთვის ექსკლუზიური უფლება არ მიგვინიჭებია, ჩვენ არ შეგვირჩევია რომელიმე სავაჭრო ქსელი ან კომპანია. „ჯიბე“ არის ერთ-ერთი, რომელიც დღეს ეხმარება ფერმერებს. იცით, რომ ქვემო ქართლში განსაკუთრებით მკაცრი საკარანტინო პირობებია, არის შეზღუდული მობილობა. იქიდან ფერმერები ვერ გამოვლენ, მაგრამ შესაძლებელია სავაჭრო ქსელის წარმომადგენლების, დისტრიბუტორების, მყიდველების ჩასვლა, პროდუქციის შეძენა და შემდგომ რეალიზიება. იცით, რომ ბრენდირებული სუპერმარკეტები შეზღუდული არიან ხილის და ბოსტნეულის სეგმენტში, ისინი უფრო მეტად სხვადასხვა მშრალი პროდუქტის, ხორცპროდუქტების და რძის პროდუქტების რეალიზებას ახდენენ. ამ შემთხვევაში „ჯიბე“ არის კომპანია, რომელმაც მოახერხა სწრაფად გადაწყობა. ის არა საცალო ვაჭრობის, არამედ საბითუმო ვაჭრობის პრინციპზეა აწყობილი. მან ორგანიზებულად მოახდინა უფრო მეტი პროდუქციის შეძენა და გამოტანა ვიდრე სხვა მყიდველებმა. მე შემიძლია ჩამოგითვალოთ ათობით სხვა კომპანიაც, რომელიც ახორციელებს მოსახლეობისგან პროდციის შესყიდვას. არანაირი ესქსკლუზიური უფლება არ არსებობს. მადლობა მინდა გადავუხადო კომპანიებს, რომლებიც ამ რთულ სიტუაციაში ახდენენ მოსახლეობიდან პროდუქციის შესყიდვას მაშინ, როცა შუალედური რგოლი შეზღუდვების გამო ვერ ფუნქციონირებს" - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.