24-04-2020
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი უკვე მეორე დღეა ჩაკეტილია. ეპიდემიოლოგებმა მოსახლეობაში ჩატარებული მასობრივი თერმოსკრინინგის შემდეგ, ტესტირება საეჭვო სიმპტომების მქონე 18 პირს გაუკეთეს და სოფელში ვირუსი კიდევ ორ ადამიანს დაუდასტურდა.
ეპიდემიოლოგები თერმოსკრინინგს დღესაც განაგრძობენ, ვიდრე სოფლის ყველა მცხოვრები არ შემოწმდება.
ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, გაიხსნება სასურსათო მაღაზიები და აფთიაქებიც. მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, საკითხზე მოლაპარაკებები სასურსათო მაღაზიების მფლობელებსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შორის უკვე შედგა, ობიექტები რამდენიმე საათში გაიხსნება, რომლებსაც დისტრიბუცია შეუფერხებლად მოამარაგებს.
ასევე გადაწყვეტილია აფთიაქებთან დაკავშირებული საკითხი და მოსახლეობა მედიკამენტებით უზრუნველყოფილი იქნება.
ამასთან, ვირუსის კიდევ უფრო გავრცელების თავიდან ასარიდებლად, სახელმწიფო რწმუნებულისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლების გადაწყვეტილებით, ღვანკითში გახსნილ სასურსათო მაღაზიებში დღესვე საბანკო ტერმინალები ამოქმედდება.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი 23 აპრილის 06:00 საათიდან ჩაიკეტა. მოქმედებს 5 ბლოკ-საგუშაგო, სოფლის ყველა შესასვლელ-გასასვლელს შსს-ს და თავდაცვის სამინისტროების წარმომადგენლები მკაცრად აკონტროლებენ. აკრძალულია როგორც სოფელში შესვლა, ასევე მისი დატოვება.
სოფელ ღვანკითში 705 ოჯახი - 2,438 ადამიანი ცხოვრობს. აქამდე სოფელ ღვანკითს, COVID ინფიცირებული 10 პაციენტი ჰყავდა.