27-04-2020
კახეთიდან გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 5 ნიმუშის ტესტმა კორონავირუსზე ისევ უარყოფითი შედეგი აჩვენა.
ბოლო ინფორმაციით, კახეთის მასშტაბით მოწყობილ 11 საკარანტინო ზონაში ამ დრომდე 571 მოქალაქე რჩება, თვითიზოლაციაში კი 12 ადამიანი.
კახეთში ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია და ამ დრომდე კორონავირუსით დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.
საქართველოში კორონავირუსი 496 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 149 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში - 4833 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 571 ადამიანი რჩება.
საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.