19-02-2018
გურიის გუბერნატორი ხელფასი მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან გაორმაგდა და 2 950 ლარის ნაცვლად 5 900 ლარი გახდა.
ასევე გაიზარდა მხარის გუბერნატორის მოადგილეების ხელფასებიც, 40 ლარი დაემატა სახელფასო სარგოზე გუბერნატორის პირველ მოადგილეს, 50 ლარით კი დანარჩნ მოადგილეებს:
“გაცნობებთ, რომ გუბერნატორის ხელფასი მიმდინარე წელს არ გაზრდილა და შეადგენს ზუსტად იმდენს, რამდენიც იყო განსაზღვრული გასულ წლებში. კერძოდ, გუბერნატორის შრომის ანაზღაურება შედგებოდა ხელფასისა და დანამატისაგან. ხელფასი შეადგენდა 2 950 ლარს, ხოლო დანამატი 2 950 ლარს. როგორც მოგეხსენებათ, 2018 წლის 1 იანვრიდან, ამოქმედდა საქართველოს კანონი – „ საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“, რომელმაც განსაზღვრა შრომის ანაზღაურების ახალი სისტემა. ის, თანხა, რომელსაც გუბერნატორი დანამატის სახით იღებდა, დაერქვა ხელფასი, ვინაიდან ახალი კანონი სიტყვა „დანამატს“ აღარ ითვალისწინებს. ჯამში გუბერნატორის ხელფასი განისაზღვრა 5 900 ლარით, როგორც ეს იყო გასულ წლებში. რაც შეეხება გუბერნატორის მოადგილეებს, გეტყვით, რომ პირველ მოადგილის ხელფასი შეადგენდა 2 360 ლარს და გახდა 2 400 ლარი, მოიმატა 40 ლარით. ხოლო გუბერნატორის მოადგილეების ხელფასი იყო 2 250 ლარი და გახდა 2 300 ლარი, მოიმატა 50 ლარით”-გვითხრეს გუბერნიის პრესსამსახურში.
აღნიშნული გადაწყვეტილება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 29 იანვარს მიიღო. სახელფასო ცვლილება გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლებსაც შეეხო.
გასულ თვეში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაამტკიცა პროექტი, რომლის მიხედვითაც, ასევე გაიზარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა და მერიის თანამშრომელთა ხელფასებიც.
პროექტის მიუხედვით, მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი 3 ათასი ლარითაა განსაზღვრული. მათი პირველი მოადგილეების 2 600 ლარით. მერის მეორე მოადგილე 2 400 ლარს აიღებს.
სამსახურების უფროსები 2 000 ლარს, განყოფილებების ხელმძღვანელები 1 400 ლარს, უფროსი სპეციალისტები 1 100, უმცროსი სპეციალისტები კი 800 ლარს.
რაც შეეხება საკრებულოს, აპარატის უფროსი 1 800 ლარი, მოადგილე 1 500 ლარს.
კომისიისა და ფრაქციის თავმჯდომარეების ხელფასები 2000 ლარი იქნება, მათი მოადგილეები 1500 ლარი.
ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს (სოფლის რწმუნებულებს) სახელფასო სარგოდ 650 ლარი განესაზღვრებათ.
საკრებულოს სხდომას 46 დეპუტატიდან 34 ესწრება.
ცნობისათვის: 2018 წლის სახელფასო სარგოების ოდენობა გასულ წელთან შედარებით დაახლოებით 250-400 ლარით იზრდება.