4-05-2020
გორის მუნიციპალიტეტიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ანალიზების პასუხები უარყოფითია. გუშინ ბიოლოგიური მასალა 12 ადამიანს აუღეს. აქედან 5 კონტაქტების ნიმუშები იყო, 7 კი იმ პირების, ვისაც ტემპერატურული რეაქცია თერმოსქრინინგისას გამოუვლინდა.
გუშინ მიღებული პასუხებით COVID-19 სოფელ ფლავში მცხოვრებ 56 წლის ქალბატონს დაუდასტურდა. ის სამხედრო ჰოსპიტლის მედდის კონტაქტის კონტაქტია. სულ გორის მუნიციპალიტეტში 6 კოვიდდადასტურებული შემთხვევაა. 105 ადამიანს თვითიზოლაციაში გადასვლის რეკომენდაცია მიეცა. ამჟამად რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციის რეჟიმში სულ 144 ადამიანია.
საქართველოში კორონავირუსი 593 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 223 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.