4-05-2020
საქალაქთაშორისო შეზღუდვები მოიხსნა ქუთაისსა და ბათუმში შესვლასა და გასვლაზე, ყველა სხვა შეზღუდვა, რომელიც საგანგებო მდგომარეობის პირობებში მოქმედებს, ამ ქალაქებშიც ძალაში რჩება, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
როგორც ნათია მეზვრიშვილმა განმარტა, თბილისსა და რუსთავში შეზღუდვები ძალაში რჩება, რადგან თბილისისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ იძლევა შეზღუდვების ვადაზე ადრე მოხსნის შესაძლებლობას.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, უახლოეს დღეებში გაგრძელდება დაკვირვება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე და არ არის გამორიცხული, რომ კვირის ბოლოს ამ ქალაქებში შესვლასა და გასვლაზე შეზღუდვებიც მოიხსნას.
„პრემიერმა აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას მაქსიმალურად ვცდილობთ, ვიყოთ თანმიმდევრულები. თანმიმდევრულად ვმოქმედებდით მაშინ, როდესაც ეს შეზღუდვები შემოვიღეთ, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში და ვცდილობთ, რომ ასევე თანმიმდევრულად, რისკების კონტროლით, ეტაპობრივად ავხსნათ შეზღუდვები. ასევე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თითოეულ გადაწყვეტილებას ვიღებთ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე დაყრდნობით და სწორედ სიტუაციის შეფასებით მივიღეთ ყველა გადაწყვეტილება და მოვხსენით გარკვეული შეზღუდვები, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება”, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, ეკონომიკის აღდგენისა და შეზღუდვების მოხსნის 6-ეტაპიანი გეგმა ითვალისწინებდა ორკვირიან შუალედებს ეტაპიდან ეტაპამდე, თუმცა გეგმის წარდგენისას ითქვა, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, შესაძლოა შეზღუდვები უფრო ადრე მოხსნილიყო და სწორედ ასეთი შემთხვევა იყო, დღეს, როდესაც რამდენიმე შეზღუდვა მოიხსნა.
„ბრძოლა მიმდინარეობს ორ ფრონტზე - ერთის მხრივ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად, ხოლო მეორეს მხრივ, ეკონომიკის გადასარჩენად. ეკონომიკის აღდგენისა და შეზღუდვების მოხსნის ის 6-ეტაპიანი გეგმა, რომელიც მთავრობამ წარმოადგინა, ითვალისწინებდა ორკვირიან შუალედებს ეტაპიდან ეტაპამდე, თუმცა ჩვენ ვთქვით, რომ თუ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია შესაძლებლობას მოგვცემდა და პროფესიონალების რეკომენდაცია ამგვარი იქნებოდა, შესაძლებელი იყო მომდევნო ეტაპის გადმოტანა და გარკვეული შეზღუდვების მოხსნა. სწორედ ასეთი მომენტი იყო დღეს, გასული დღეების ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე დაყრდნობით. უკვე ხვალიდან, ის შეზღუდვები, რომელიც ამ გეგმაში მეორე ეტაპზე იყო გათვალისწინებული, დაახლოებით ერთი კვირით ადრე იხსნება. სამშენებლო სამუშაოები ხდება დასაშვები, დასაშვები ხდება სამშენებლო მასალების წარმოება, სამშენებლო საზედამხედველო საქმიანობა, ავტოტექმომსახურება“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.