დანით შეიარაღებული ბრალდებულები მიმდინარე წლის 14 თებერვალს სამტრედიის რაიონის სოფელ დიდ ჯიხაიშში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში შეიჭრნენ, საიდანაც ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით ფული, ოქროს სამკაულები გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორი პირი: 1989 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისა და ძარცვისთვის ნასამართლევი გ.თ. და 1986 წელს დაბადებული გ.ჩ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული მომხდარიდან ორ დღეში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნიღბები, დანები და საბრძოლო მასალა ამოიღო.
სამართალდამცველებმა ერთ-ერთი ლომბარდიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს ყაჩაღობის შედეგად გატაცებული ოქროს სამკაულები.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით.