9-06-2020
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული ი.დ. დააკავეს. მას ბრალი მეუღლის მიმართ ჩადენილ ძალადობასა და მუქარაში ედება.
დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 3 ივნისს, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა, ქალაქ სამტრედიაში, ტაქსით მგზავრობის დროს, მეუღლეს - 1998 წელს დაბადებული ქ.თ.-ს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და ცივი იარაღით ხელზე მსუბუქი დაზიანებები მიაყენა. მას შემდეგ, რაც აგრესიული მამაკაცი ავტომანქანიდან გადავიდა, დაზარალებული ქალი პოლიციას დაუკავშირდა და დახმარება ითხოვა.
სამართალდამცველებმა ი.დ., ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მომხდარიდან რამდენიმე საათში, სამტრედიაში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ქვეითად გადაადგილდებოდა.
პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო გასაშლელი დანა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილითა და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობასა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს.