"საქართველოს დედაქალაქის, თბილისის ზოოპარკმა 10 წლის იღბლიან ბავშვს ერთწლიანი აბონემენტი აჩუქა მას შემდეგ, რაც მან დაახლოებით 130 კილომეტრი გაიარა იმისთვის, რომ ცხოველები ენახა",- წერს გამოცემა.
20 თებერვალს პატრულის ეკიპაჟმა თბილისში დაკარგული ბავშვი იპოვა. როგორც შსს-ში განგვიცხადეს, ბავშვი ზოოპარკის ნახვაზე ოცნებობდა და ხაშურიდან მშობლების დაუკითხავად ცხოველების სანახავად გამოიპარა.
"ბავშვი მარტო იჯდა ჩუმად და ხმას არ იღებდა. მოგვიანებით ალაპარაკდა და თქვა, რომ თბილისის და ზოოპარკის ნახვა უნდოდა, ცხოველები მიყვარსო. უკვე გვიანი იყო და ვეღარ წავიყვანდით ზოოპარკში," – განგვიცხადეს შსს-ში.
პოლიცია ბავშვის მამას დაუკავშირდა, რომელიც მალევე ჩამოვიდა თბილისში შვილის ხაშურში წასაყვანად.
თუმცა მეორე დღესვე ხაშურიდან თბილისში გამოპარულ 10 წლის ბავშვს პატრულის იმ ეკიპაჟმა, რომელმაც ბავშვი დაკარგული იპოვა, ზოოპარკი დაათვალიერებინეს.
ასევე, ზოოპარკის ადმინისტრაციამ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ბავშვს ერთწლიან აბონემენტს და ზოოპარკის საპატიო მეგობრის სერტიფიკატს გადასცემენ. ხაშურელი ბავშვის მეგზური ზოოპარკის დირექტორი, ზურაბ გურიელიძე იყო.