28-02-2018
ერთიანი ეროვნული გამოცდები რამდენიმე ცენტრში აღარ ჩატარდება. ამის შესახებ ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეზე დაყრდნობით "აიპრესი" წერს.
ივა მინდაძის განცხადებით, ეროვნული გამოცდები არ ჩატარდება იმ ქალაქებში სადაც უმაღლესი სასწავლებლები არ არის.
"ერთიანი ეროვნულის საგამოცდო ცენტრები გაიხსნება იმ ქალაქებში, რომელშიც გვაქვს უმაღლესი სასწავლებლები, სადაც აბარებენ აბიტურიენტები. სავარაუდოც არის, აბიტურიენტები აბარებენ გამოცდებს იმ ქალაქბეში სადაც 4 წელი ისწავლიან. ანუ ლოგიკურია, რომ გამოცდებიც ამ ქალაქებშიც შევთავაზოთ. არ გვექნება რამდენიმე ადგილზე, სადაც ადრე გვქონდა. ესენია ხულო, ფოთი და ოზურგეთი. ეს პირველი შემთხვევა არ არის სიღნაღში გვქონდა, მას შემდეგ რაც დაიხურა უმაღლესი, ცენტრიც გაუქმდა. ეს იყო დაახლოებით 8 წლის წინ", - განაცხადა ივა მინდაძემ.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტების რეგისტრაცია მარტიდან დაიწყება.
გამოსაშვები გამოცდები წელსაც 2 ეტაპად - მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასებში ჩატარდება. სკოლის დამამთავრებელი გამოცდები კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების ქართული მოდელით ტარდება.