3-07-2020
2020 წლის 3 ივლისს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ახლადდანიშნულ ხელმძღვანელთან, მარეკ შჩიგელთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში, ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული მძიმე ვითარება და გამოწვევები.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ბოლო პერიოდში რუსეთის ფედერაციის მხრიდან გააქტიურებულ პროვოკაციებზე. ამ კონტექსტში ყურადღება გამახვილდა საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის გახშირებულ შემთხვევებსა და სხვა უკანონო ქმედებებზე, რაც საფრთხეს უქნის მშვიდობასა და სტაბილურობას მთელს რეგიონში და ზღუდავს ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს. დავით ზალკალიანმა შეშფოთება გამოხატა რუსეთის და ცხინვალში მისი საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გააქტიურებასა და დეზინფორმაციულ თავდასხმებზე საქართველოსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიმართ. განსაკუთრებული აქცენტი ასევე გაკეთდა თავისუფალი გადაადგილებისა და სამედიცინო ევაკუაციის შეზღუდვის ფაქტებზე, რაც მძიმე ტვირთად აწვება კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას და რიგ შემთხვევებში იწვევს პაციენტთა გარდაცვალებას.
გახშირებული პროვოკაციების ფონზე, ხაზი გაესვა გალსა და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების დაუყოვნებლივ, ფუძემდებლური პრინციპების სრული დაცვით, აღდგენის აუცილებლობას.
მინისტრმა მადლიერება გამოხატა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის მიმართ და ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან როლს, რომელსაც მისია ასრულებს საერთაშორისო საზოგადოებისთვის ადგილზე არსებული სიტუაციის შესახებ მიუკერძოებელი ინფორმაციის მიწოდებასა და ვითარების ესკალაციის პრევენციის საქმეში. ხაზი გაესვა, მანდატის შესაბამისად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე EUMM-ის წვდომის აუცილებლობას.
დავით ზალკალიანმა მარეკ შჩიგელს მისიის ხელმძღვანელის პოსტზე დანიშვნა მიულოცა და ნაყოფიერი თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა.