გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ახალგორელი აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებზე არ გამოცხადდებიან

6-07-2020

„შვილს თბილისში ვერ გავუშვებ. გვითხრეს, რომ აბიტურიენტებისთვის გზას კვირას გახსნიან, მაგრამ მაინც ვერ გავუშვებ, რადგან ისიც არ ვიცით, კორონავირუსის გამო ბავშვს კარანტინში გადაიყვანენ თუ არა, ის კი ნამდვილად ვიცით, რომ უკან დაბრუნებისას აქ ახალგორის საკარანტინო ზონაში ორი კვირა უნდა იყოს. ამაზე ხელწერილიც დაგვაწერინეს. ალბათ, სხვა მშობლებიც ასე მოიქცევიან. ბავშვები მძიმე სტრესულ მდგომარეობაში არიან, ზოგს კი წეროვანსა და თბილისში ნათესავებთან დასარჩენიც არა აქვს“,

 - ამბობს ერთ-ერთი ახალგორელი აბიტურიენტის მშობელი, რომელიც ცოტა ხნის წინ დაბის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა. დე ფაქტო ადმინისტრაციაში აბიტურიენტებს ორჯერ შეხვდნენ - ერთხელ მშობლების გარეშე, მეორედ კი მშობლებისა და პედაგოგების თანდასწრებით. პირველ შეხვედრაზე ახალგორელ აბიტურიენტებს უშიშროების კომიტეტის წარმომადგენლებმა პირდაპირ მოსთხოვეს, რომ თბილისში სასწავლებლად არ წასულიყვნენ, აცნობეს, რომ ე.წ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტს არ გაუხსნიდნენ და გააფრთხილეს, თავში აზრადაც არ გაევლოთ შემოვლითი გზებით თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადაპარვა. შეხვედრას, რომელიც 17 ივნისს გაიმართა, მხოლოდ აბიტურიენტები და კაგებეს თანამშრომლები ესწრებოდნენ. შეშინებულმა ახალგაზრდებმა ეს ამბავი მშობლებს და პედაგოგებს უამბეს. რადიო თავისუფლებამ მაშინ აბიტურიენტებზე ზეწოლის ფაქტის შესახებ ერთ-ერთი პედაგოგისგან შეიტყო.

„ამ ვითომ უბრალო გასაუბრებაზე მოსწავლეების დაშინება მიმდინარეობდა. უშიშროების თანამშრომლებს აინტერესებდათ, სად აპირებენ სწავლის გაგრძელებას მოსწავლეები. ზოგმა თქვა, რომ თბილისის უმაღლეს სასწავლებელში აპირებს ჩაბარებას, ზოგმა განმარტა, რომ სწავლის გაგრძელებას არ აპირებს, ზოგიც, საერთოდ, გაჩუმდა. კაგებეს ოფიცრებმა აბიტურიენტებს მოსთხოვეს, რომ თბილისში სწავლის გაგრძელებაზე უარი თქვან და სწავლა ცხინვალის უნივერსიტეტში გააგრძელონ. ახალგაზრდები გააფრთხილეს, რომ ეგრეთ წოდებული საზღვრის ჩუმად გადაკვეთა არც სცადონ, თორემ ადმინისტრაციული წესით დაისჯებიან, ხოლო ვინმე თუ მაინც გაბედავს და თბილისისკენ გაიპარება, უკან ვეღარასოდეს დაბრუნდება“, - გვითხრა პედაგოგმა, რომლის ვინაობასაც მისივე უსაფრთხოების გამო არ ვასახელებთ. ამავე წყაროს ცნობით, მედიით გავრცელებულ ამბავს იმხელა რეზონანსი მოჰყვა, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ 2 დღეში, 19 ივნისს, აბიტურიენტებსა და მათ მშობლებთან კიდევ ერთი შეხვედრა გამართა. ამჯერად ტონი სულ სხვანაირი იყო.

„ნებისმიერ კურსდამთავრებულს უფლება აქვს, აირჩიოს ნებისმიერი სასწავლებელი ნებისმიერ ქვეყანში უმაღლესი განათლების მისაღებად. ამიტომ დღეს შევიკრიბეთ იმისთვის, რომ საქართველოში გასვლის პროცედურა აგიხსნათ. იქ გამოცდების ჩასაბარებლად ვინც წავა და შემდეგ უკან დაბრუნდება, კორონავირუსთან დაკავშირებით ორკვირიან კარანტინში მოთავსდება“, -

 ამ სიტყვებით მიმართა ახალგორის განათლების განყოფილების გამგემ, ჰამლეტ ელოევმა, აბიტურიენტებსა და მათ მშობლებს. ინფორმაცია ამის შესახებ ცხინვალის ტელევიზიამ გაავრცელა. შეხვედრას ამჯერადაც კაგებეს ოფიცრები ესწრებოდნენ.

„ერთი ჯგუფი ერთ დღეს გავა და არა ცალ-ცალკე. დღე თვითონ მშობლებმა აირჩიონ. დაწერონ განცხადება და სამხრეთ ოსეთის მთავრობა გადაწყვეტილებას მიიღებს“, - განაცხადა შეხვედრაზე კაგებეს ერთ-ერთმა ოფიცერმა, რომელსაც ხელში იმ აბიტურიენტების სია ეჭირა, ვისაც ეროვნული გამოცდების ჩაბარება თბილისში სურს.

2019-2020 სასწავლო წელს ახალგორის რაიონში სკოლა 22-მა მოსწავლემ დაასრულა, აქედან 11-მა - ქართული სკოლა, მათგან ექვსმა კი სწავლის გასაგრძელებლად საქართველოს უმაღლესი სასწავლებელი შეარჩია და ეროვნული გამოცდების ჩაბარება გადაწყვიტა, თუმცა მათი მშობლები უკვე აცხადებენ, რომ შვილებს თბილისისკენ ვერ გაუშვებენ.

ახალგორის ლეგიტიმური გამგებელი, ნუგზარ თინიკაშვილი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან ეს მოსწავლეებზე ზეწოლის პირველი შემთხვევა არ არის. მსგავსი დაბარება მაშინაც იყო, როცა საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა შეიმუშავა და მათ შესაძლებლობა მისცა, სწავლა ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში გაეგრძელებინათ.

აფრთხილებენ და უკრძალავენ, რომ სკოლადამთავრებულები წამოვიდნენ და თბილისში მიიღონ უმაღლესი განათლება. ადრეც იყო მსგავსი შეხვედრა, ქეთევან ციხელაშვილმა რომ გაახმოვანა, და მთავრობის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის იყო შეთავაზება, რომ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის შემთხვევაში სახელმწიფო იხდიდა სწავლის გადასახადს. სწორედ მაშინ დაიწყეს შეზღუდვა და გააფრთხილეს ბავშვები, რომ იქ არ წახვალთ და ცხინვალში უნდა ისწავლოთო“.

ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევა და დაბაში მცხოვრები მოქალაქეების იძულება, რომ იქაურობა მიატოვონ, დისკრიმინაცია ეთნიკური ნიშნით, არჩევანის თავისუფლებისა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა - ასეთი ვითარებაა დღეს ახალგორში და, ყოფილი სახლხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის, თქმით, ეს ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ანგარიშებშიც აისახება:

„ეს, რა თქმა უნდა, არის სერიოზული დარღვევა, როცა დე ფაქტო ხელისუფლება ხელოვნურ ბარიერებს ქმნის, ფაქტიურად, სრული იზოლაციისთვის იმეტებს მთელ რეგიონს. იგივე აბიტურიენტებს ამ დაშინების გამო აღარ ექნებათ არჩევანის თავისუფლების შესაძლებლობა. ეს პოლიტიკა, მთლიანობაში, იქით არის მიმართული, რომ მოხდეს ახალგორის რაიონის დეპოპულაცია და რეგიონი ქართული მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დატოვოს“.

ყოფილი სახალხო დამცველი ადეკვატური ნაბიჯებისკენ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებასაც. მისი აზრით, მთავრობის რეაქცია ამ ვითარებაზე არასაკმარისი და არაეფექტურია:

ყველა ასეთ ფაქტზე უნდა იყოს შესაბამისი რეაგირება ყველა საერთაშორისო ინსტანციაში, საერთაშორისო მექანიზმებით და ორგანიზაციების მეშვეობით უნდა ხდებოდეს ზეწოლა ადგილობრივ რეჟიმზე და რუსეთის ხელისუფლებაზე. ჩვენ, სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ, რომ ასეთ ფაქტებზე საქართველოს ხელისუფლების რეაგირება არის ადეკვატური. აუცილებელია ყველა ასეთ ფაქტზე ხმაურის ატეხა და საინფორმაციო ომში გარკვეული შედეგების მიღება. ეს არის, სამწუხაროდ, პრობლემა, როცა ვერ ვხედავთ ხელისუფლების მხრიდან ადეკვატური რეაგირების მაგალითებს“.

ორ კვირაზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ახალგორელ აბიტურიენტებს დე ფაქტო კაგებე თბილისში წასვლას და განათლების არჩევანის თავისუფლებას უზღუდავდა. ამ დროის განმავლობაში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისგან არავითარი რეაქცია არ ყოფილა. რადიო თავისუფლებისთვის მხოლოდ ის გახდა ცნობილი, რომ გამოცდების მოახლოებასთან ერთად, განათლებისა და მეცნიერების, ფინანსთა და შერიგების სამინისტროების წარმომადგენლებმა ახალგორელი აბიტურიენტების დაფინანსებისა და მათი უგამოცდოდ ჩარიცხვის თაობაზე მოლაპარაკება გამართეს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურისგან კი მივიღეთ ინფორმაცია, რომ ის აბიტურიენტები, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხვის მიზნით დარეგისტრირდნენ ეროვნულ გამოცდებზე ან სკოლისშემდგომი განათლების პროგრამაზე, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ჩაირიცხებიან უგამოცდოდ და სახელმწიფო მათ გრანტით დაუფინანსებს განათლებას.

ახლა ახალგორელი აბიტურიენტები და მათი მშობლები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებას ელოდებიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტების უგამოცდოდ ჩარიცხვის თაობაზე. სწორედ განათლების სამინისტროს კომპეტენციაა ამგვარი გადაწყვეტილების მიღება. სამინისტრომ მსგავსი გადაწყვეტილება უკვე მიიღო იმ აბიტურიენტების მიმართ, რომლებიც აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ცხოვრობენ.

ახალგორის ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტი გასული წლის 4 სექტემბრის შემდეგ ჩაკეტილია და გამონაკლისის სახით ის მხოლოდ რამდენჯერმე გაიხსნა. ერთხელ პენსიონერებს მისცეს საშუალება, წეროვანში გადმოსულიყვნენ და 5 თვის დაგროვილი პენსია მიეღოთ, რამდენჯერმე კი გადასასვლელი გადაუდებელი ავადმყოფების ტრანსპორტირებისთვის გახსნეს. დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორის გზა ჩორჩანა-წნელისის კრიზისის გამო ჩაკეტა და ჩორჩანის ტყიდან ქართული პოლიციური საგუშაგოს გატანამდე ახალგორის გამშვები პუნქტის გახსნას არ აპირებს.

რადიო "თავისუფლება"