14-07-2020
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედიის ცნობით, გამყოფ ხაზთან ახალი საგუშაგო გაჩნდა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს.
სააგენტო ,,რესის" ცნობით, საგუშაგო ჯავის რაიონის სოფელ სინაგურის სიახლოვეს მდებარეობს.
"ახლახანს დასრულდა საქართველოს პოლიციის საგუშაგოს მშენებლობა, სადაც სპეცსამსახურებს, დაწესებული აქვთ სადღეღამისო მორიგეობა. როგორც ცნობილია, ქართველი სპეცსამსახურები აგროვებენ ინფორმაციას სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის შესახებ. ფაქტები ამტკიცებს, რომ ქართული მხარე ქმნის დესკალაციას და აგრძელებს საზღვრის
ზონაში დამატებითი საშიშროების შექმნას, იმის მაგივრად, რომ გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები და შეაჩეროს არალეგალური სამშენებლო სამუშაოები, რაც ქმნის დამატებით საფრთხეებს. ქართული მხარის ასეთი ქმედებები, სიტუაციის მოგვარების მშვიდობიანი მეთოდების შესახებ, საქართველოს ოფიციალურ პოზიციას ეწინააღმდეგება."- აღნიშნულია ცხინვალის ,,კგბ"-ს განცხადებაში.
სინაგური 1991 წლამდე შედიოდა ჯავის რაიონში და იყო სასოფლო საბჭოს ცენტრი. მასში შედიოდა სოფლები თედელეთი, ტბეთი, ქვემო ქარზმანი, ზემო ქარზმანი, ხახეთი და ჯალაბეთი.. 1991 წელს სინაგურის სასოფლო საბჭო გადაეცა საჩხერის რაიონს. ამან გამოიწვია 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ოსური მხარის პრეტენზიები ამ სოფლის მიმართ. ამის გამო სინაგური სოფელ პერევთან ერთად 2 წლის მანძილზე, 2008 წლის აგვისტოდან 2010 წლის ოქტომბრამდე ოკუპირებული იყო რუსეთისა და ე. წ. "სამხრეთ ოსეთის" სამხედრო ძალების მიერ.