15-07-2020
მე-12 დღეა სოფელ მეჯვრისხევში ხვიჩა მღებრიშვილის ოჯახის წევრები ცხინვალიდან დამატებითი ინფორმაციის მიღებას ელოდებიან. 47-წლის მამაკაცი 3 ივლისს სოფელ აძვთან დააკავეს.
ოჯახის წევრი, ლეილა მღებრიშვილი ,,რუსთავი 2"-თან საუბარში ამბობს, რომ ხვიჩა მღებრიშვილს რუსეთის სამხედრო ძალების წარმომადგენლებმა ცეცხლი გაუხსნეს და იარაღის მუქარით დააკავეს. გატაცებულის ნათესავი ამ ინფორმაციას ადგილობრივებისგან ფლობს, თუმცა ვინაობას არ ასახელებს.
ლეილა მღებრიშვილი კატეგორიულად მოითხოვს, მეტი
ყურადღება დაეთმოს მეჯვრისხეველი კაცის გატაცების საქმეს. ოჯახი დღეს პოლიციის რაიონულ განყოფილებაში განუმარტეს, რომ 3 ივლისს გაუჩინარებული ხვიჩა მღებრიშვილი ნამდვილად ცხინვალის ციხეშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია.
მღებრიშვილის ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა და თანასოფლელებმა გუშინ 14 ივლისს სოფლის ცენტრში აქციაც გამართეს.
ცეცხსასროლი იარაღიდან გასროლის ფაქტი ფიგურირებს ქვემო ჭალაში ზაზა გახელაძის დაკავების დროსაც. 11 ივლისს, ქვემო ჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე ის რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ჯერ ფეხში დაჭრეს, შემდეგ დააპატიმრეს.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ცდილობს ორივე დაკავებულის შესახებ ინფორმაცია ცხინვალის ოფისის წარმომადგენლების მეშვეობით მოპოვოს.