გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მაკულატურის "მეორე სიცოცხლე" - ზუგდიდელი ქალის დეკორატიული ნაკეთობები

15-07-2020

ლარნაკები, ჯამები, მაგიდები, ჩანთები, სამზარეულოს დეკორი და სასაჩუქრე ყუთები -  სამ წელზე მეტია ზუგდიდელი ქეთო კვარაცხელია მაკულატურისგან სხვადასხვა სახეობის, ფორმის და შეფერილობის დეკორატიულ ნივთებს ამზადებს. ამისთვის, როგორც თვითონ ამბობს ძველ ჟურნალ-გაზეთებს და უკვე გამოყენებულ თაბახის ფურცლებს იყენებს. ნაკეთობების შესაფერადებლად სპეციალურ, მაღალი ხარისხის საღებავსა და ლაქს იყენებს. გვიყვება, რომ ერთი ნამუშევრის გასაკეთებლად 2 დღიდან 1 კვირამდე დრო სჭირდება, რაც პროდუქციის ზომასა და შესრულების სირთულეზეა დამოკიდებული.

„პროცესი უდაოდ შრომატევადია, თუმცა ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა და განტვირთვისთვისაც ვიყენებ.  ყველაზე რთული მაკულატურის მოძიებაა. თავიდან დავიწყე ძველი ჟურნალ-გაზეთებით, შემდეგ, როცა ჩემი ჰობის შესახებ გაიგეს, ქაღალდები მეგობრებს და ნათესავებს მოჰქონდათ. ახლა ყველამ იცის, რომ ძველი ჟურნალ-გაზეთები, რომლებსაც ნაგავში გადაგდებას ან დაწვას უპირებდნენ, ჩემთვის უნდა შეინახონ. სამწუხაროდ, ვერ ვახერხებ ყოველდღიურ ცხოვრებაში ერთჯერადი მოხმარების ნივთების გამოყენებისგან თავის არიდებას, მაგრამ ჩემი ჰობით ვცდილობ გადასაყრელად გამზადებულ ნივთებს ახალი დანიშნულება შევძინო“, - ამბობს ქეთო კვარაცხელია.

გვიყვება, რომ ხელსაქმე ყოველთვის უყვარდა და ეხერხებოდა ქარგვა, ქსოვა და კერვა. მას შემდეგ, რაც მაღაზიის სახით საკუთარი მცირე ბიზნესი გაუჩნდა, საყვარელი საქმიანობისთვის დრო არ რჩებოდა. წლების წინ, როცა ინტერნეტი ჯერ კიდევ სიახლეს წარმოადგენდა, ოჯახის წევრებს თხოვდა მისთვის დაწნული კალათებისა და სხვა ნაკეთობების სურათები მოეძიებინათ.

"ერთხელაც გადავწყვიტე მეცადა ბედი, ამჯერად იმ მასალებით, რაც იმ დროს ხელთ მქონდა. Რა თქმა უნდა, პირველი რამდენიმე ცდა წარუმატებლად დასრულდა. შემდეგ ნელ-ნელა დავხვეწე და სტანდარტული წრის და ოთხკუთხედი ფორმების გარდა, არასტანდარტული ფორმის ნაკეთობების კეთება დავიწყე. რაც უფრო მეტი დრო გადის, მინდა უფრო და უფრო გავართულო. ახლა დიდი ზომის და ნაკეთობების გაკეთებაც შემიძლია", - აღნიშნავს ხელნაკეთი ნივთების ოსტატი.

ქეთო კვარაცხელიას დეკორატიულ ნაკეთობებს მისი მაღაზიის ერთგული მომხმარებლები და გულშემატკივრები ხშირად ყიდულობენ. ბოლო დროს გაყიდვაში სოციალური ქსელიც ეხმარება. როგორც თვითონ ამბობს, აქტიურად თანამშრომლობს ორგანიზაციებთან, რომლებიც სასაჩუქრე კომპლექტების ასაწყობად მის კალათებს იყენებენ.

"მიხარია, რომ სულ უფრო მეტი ორგანიზაცია მუშაობს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით. მუდმივად ვეცნობი სოციალურ ქსელებს, რომ რამე საგრანტო კონკურსი არ გამომეპაროს. მინდა მადლობა გადავუხადო ზუგდიდში არსებულ არსამთავრობო ორგანიზაციებს ჩემთან თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის. ასევე, ადგილობრივ მუნიციპალიტეტის მერიას, რადგან მუდმივად ცდილობენ ჩამრთონ სხვდასხვა პროექტში. და ბოლოს, არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო ქალბატონ მაია მიქავას, რომელმაც რამდენიმე დღის წინ აღმოაჩინა ჩემი ნაკეთობები და აქტიურად გააცნო ფეისბუქ საზოგადოებას. მისი პოსტის შემდეგ უამრავი ადამიანი გამომეხმაურა", -  ამბობს ქეთო კვარაცხელია.

სამომავლოდ ბევრი მიზანი აქვს, მათ შორის საგრანტო კონკურსში მონაწილეობა. იმედი აქვს, რომ დაფინანსებას მოიპოვებს და საქმიანობასაც გააფართოებს. ბიზნესის განვითარების შემთხვევაში სურს სოფლად მცხოვრები ქალები დაასაქმოს და საქართველოში წარმოებული ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი შემატოს ბაზარს.

რადიო "ათინათი"