17-11-2017
ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ორ არასრულწლოვანს. 17 წლის არასრულწლოვნებს ჯგუფური ყაჩაღობა ედებათ ბრალად.
გამოძიების ვერსიით, არასრულწლოვანმა ბიჭებმა 6 ნოემბრის ღამეს ჩაქვში მოხუც ქალს დანის მუქარით წაართვეს ფული. ერთ-ერთი არასრულწლოვანი შემთხვევის ადგილზე ნიღბით იმყოფებოდა. ბრალდებულებმა მოხუც ქალს, რომელიც საკუთარ სახლში არაყს ყიდდა, 100 ლარი მოსთხოვეს. მოხუცმა არასრულწლოვნებს 80 ლარი მისცა.
არასრულწლოვნები პოლიციამ რამდენიმე დღის წინ დააკავა. გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ორივე მათგანმა აღიარა დანაშაულის ჩადენა. არასრულწლოვნებს სასამართლომ უარი უთხრა გირაოს შეფარდებაზე. აღკვეთი ღონისძიების საკითხი მოსამართლეებმა – ვიოლეტა ფორჩხიძემ და თამარ ბეჟანიშვილმა განიხილეს.
„თუკი ვსაუბრობთ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაზე და განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე, მაშინ ცხადია, რომ ყველაზე მკაცრი აღკვეთი ღონისძიების ფორმის გამოყენების საჭიროება არ არსებობდა. კანონი ამბობს, რომ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესს უნდა ემსახურებოდეს აღკვეთის შეფარდება. სასამართლომ ვერ დაასაბუთა, რატომ იყო აუცილებელი წინასწარი პატიმრობის შეფარდება,“ – ამბობს ადვოკატი ზაზა პაპიძე.
წინასწარი პატიმრობის შეფარდება ბრალდებულებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. ამ ინსტანციას ჯერ არ უმსჯელია რამდენად სამართლიანია ყაჩაღობაში ბრალდებული არასრულწლოვნებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება.
ბრალის დადასტურების შემთხვევაში, 17 წლის არასრულწლოვნებს 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით.
წყარო: გაზეთი "ბათუმელები"