1-08-2020
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებით პეტრას ციხეზე არქეოლოგიური ექსპედიცია განახლდა. სამუშაოები ციხის ტერიტორიაზე ორ უბანზე მიმდინარეობს - ციხის ჩრდილოეთ და დასავლეთ მონაკვეთში.
ბოლო წლებში სააგენტოს დაფინანსებით წარმოებული არქეოლოგიური სამუშაოების დროს, ციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილი იქნა ახალი წელთაღრიცხვის VI საუკუნით დათარიღებული მდიდარი არქეოლოგიური მასალა: რკინის საბრძოლო ცულები, სატევრები, შუბისპირები, ისრისპირები, მუზარადი, ჯაჭვის პერანგისა და ფარის ნაშთები, მრავალრიცხოვანი კერამიკული ნაწარმი და 95 ვერცხლის მონეტა.
არქეოლოგიური შესწავლის პარალელურად, სააგენტო ციხე-ქალაქის სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც ახორციელებს. გასულ წლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა პეტრას ციხის სამხრეთ-დასავლეთ, აღმოსავლეთ კედლებს და დერეფნის უბანს.
2018 წელს დასრულდა პეტრას ინფრასტრუქტურით მოწყობის პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოები, ხოლო 2019 წელს ტენდერი გამოცხადდა სამუშაოების სრულად განხორციელებაზე. რაც ითვალისწინებს: ციხის ტერიტორიაზე ადაპტირებული ბილიკების, ვიზიტორთა ცენტრის, საექსპოზიციო ნაგებობებისა და ავტოსადგომის მოწყობას. სამუშაოები, რომლის ბიუჯეტი 2,220,000 ლარია, ამ ეტაპზეც მიმდინარეობს და 2020 წლის დეკემბრამდე გაგრძელდება.