11-08-2020
„12 წლის წინ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციამ არათუ ვერ შეაშინა ჩვენი ქვეყანა, არამედ კიდევ უფრო გააძლიერა ნატოსა და ევროკავშირში ქართველების გაწევრიანების სურვილი და, უფრო მეტიც, დააჩქარა თავად გაწევრიანების პროცესი“ - ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ ამერიკული გამოცემისთვის „Foreign Policy” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ოკუპაციიდან 12 წლისთავზე, კონფლიქტის მოგვარების კუთხით არანაირი პროგრესი არ არის მიღწეული. რუსეთი კვლავ უარს ამბობს თავისი ვალდებულებების შესრულებაზე და მცოცავ ანექსიის პოლიტიკას განაგრძობს, მათ შორის, რუსეთის ფედერალურ სტრუქტურებში ოკუპირებული რეგიონების ე.წ. ინსტიტუტების ინტეგრირებისა და ქართული ისტორიული თუ კულტურული კვალის წაშლის გზით.
ამერიკული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში, ელჩმა რუსული ჰიბრიდული ომის ფენომენზეც გაამახვილა ყურადღება. დავით ბაქრაძის თქმით, წლების განმავლობაში ჰიბრიდული ომი რუსული ძალაუფლების მთავარი ელემენტს წარმოადგენდა. ოკუპანტი სახელმწიფოს ხელში მძლავრ შემტევი იარაღის როლს ასრულებს ასევე პროპაგანდა და დეზინფორმაციის კამპანია. „დღესდღეობით, როდესაც მთელი მსოფლიოს ძალისხმევა კოვიდ-19-ის პანდემიის შეჩერებისკენაა მიმართული, რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაციების განხორციელების არც ერთ შემთხვევას არ უშვებს ხელიდან და სამედიცინო ევაკუაციაზეც კი უარს ეუბნება მშვიდობიან მოქალაქეებს“ - აცხადებს აშშ-ში საქართველოს ელჩი.
დავით ბაქრაძის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპული სახელმწიფოების არაერთგზის მოწოდებების მიუხედავად, რუსეთს არათუ არ გაჰყავს თავისი შეიარაღებული ძალები აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონებიდან, არამედ კიდევ უფრო აძლიერებს უკანონო მილიტარიზაციას. ასევე უმძიმესი და საგანგაშოა ჰუმანიტარული მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც სულ უფრო ღრმავდება დეპოპულაცია. როგორც ბაქრაძე აღნიშნავს, ჰუმანიტარული, სოციალურ-ეკონომიკური და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი უმძიმესი პირობების გამო ოკუპაციამდელ პერიოდთან შედარებით, 4-5-ჯერ არის შემცირებული მოსახლეობის რაოდენობა ოკუპირებულ რეგიონებში.
აშშ-ში საქართველოს ელჩი მიიჩნევს, რომ რუსეთიდან მომდინარე წნეხთან გასამკლავებლად, საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძოდ, ნატოსა და ევროკავშირის მხარდაჭერა სჭირდება. სწორედ ამით აიხსნება ის, რომ საქართველოში დღითიდღე ძლიერდება სწრაფვა ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ.
https://foreignpolicy.com/2020/08/10/russia-invasion-georgia-12-years-no-end-ambassador-david-bakradze-interview/