14-08-2020
„ყველა ის ხელისუფალი, რომელიც ჩვენს ქვეყანასა და ხალხს თავიდან ვერ ააცილებს ისეთ დიდ განსაცდელს, როგორიც არის ომი, არ იმსახურებს არა თუ ხელისუფლებაში დაბრუნებასა და ყოფნას, არამედ პოლიტიკაში დარჩენას“- განაცხადა დედოფლისწყაროში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, დავით სონღულაშვილის წარდგენისას პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თავდაცვის მინისტრმა გაიხსენა 2012 წლის ოქტომბრის არჩევნები და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ქვეყანას „ქართულმა ოცნებამ“ აარიდა დიდი განსაცდელი, რომელიც ხალხს უამრავ პრობლემას შეუქმნიდა. „ჩვენი საერთო ეროვნული ამოცანა იყო იმ დროს ხელისუფლებიდან ჩამოგვეცილებინა ისეთი დესტრუქციული ძალა, როგორიც იყო ნაციონალური მოძრაობა. აგვისტოს ომმა უამრავი ნგრევა და დესტაბილიზაცია მოუტანა ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მოსახლეობას. დავკარგეთ 100-ზე მეტი სოფელი, კოდორი, ახალგორი, მივიღეთ დამატებით 10 ათასობით დევნილი. კიდევ ერთხელ გავიხსენეთ აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყება. მივიღეთ 10 ათასზე მეტი ჩვენი თანამოქალაქის სიკვდილი, ქედს ვიხრით მათ წინაშე. 300 ათასი დევნილი დღემდე ვერ უბრუნდება საკუთარ საცხოვრებელ სახლს.
სამწუხაროდ, ის შეცდომა, უბედურება და განსაცდელი, რომელიც ჩვენ მაშინ ვერ ავიცილეთ თავიდან, 2008 წლის აგვისტოს ომში გაიმეორა წინა ხელისუფლებამ, სააკაშვილმა. შესაბამისად, ახლა ჩვენი საერთო ეროვნული ამოცანა უნდა იყოს ამ დესტრუქციული და დესტაბილიზაციის მთავარი წყაროს, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ველიდან მთლიანად გაყვანა“, აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან ოპონენტის დესტრუქციულ ქმედებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საერთო საზრუნავი უნდა იყოს მოსახლობის განვითარება და კეთილდღეობა.
„მთავარი მონაპოვარი ჩვენთვის არის თავისუფლება, მშვიდობა და სტაბილურობა, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს, ეს არის ის მყარი საფუძველი, რომელსაც უნდა დაეფუძნოს ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი განვითარება,“ - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.