15-08-2020
მძიმე რეგიონში ვცხოვრობთ, ბევრი გამოწვევა გვაქვს, ოკუპირებული ქვეყანა ვართ, მაგრამ უნდა გამოვიჩინოთ გონივრულობის უმაღლესი დონე, სიფრთხილე და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად, მშვიდობა და შრომა არის ერთადერთი სწორი გამოსავალი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გურჯაანში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლა სოხუმში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 28 წლისთავზე საუბრით დაიწყო და აღნიშნა, რომ ოკუპაცია არის გადაულახავი პრობლემა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს პრობლემა გადაწყდეს ორი გზით - მშვიდობით და შრომით.
„დღეს უნდა ვისაუბროთ მხოლოდ საქმეზე და მხოლოდ მომავალზე, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი წარსულიც. დღეს არის დღე, როდესაც ჩვენი მძიმე წარსული უნდა გავიხსენოთ და უნდა ვთქვათ, რომ ზუსტად 28 წლის წინ სოხუმში დაიწყო შეიარაღებული კონფლიქტი. ეს ის წერტილი იყო, საიდანაც დაიწყო საქართველოს ოკუპაცია. საერთოდ, აგვისტო მძიმე თვე გამოდგა ჩვენთვის. ჩვენ ამ პროცესში დავდივართ, მოსახლეობას ვხვდებით, აგვისტოს ომიც გავიხსენეთ, შინდისის გმირებიც, ახლა ვიხსენებთ სოხუმში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებას. სამწუხაროდ, ოკუპაცია არის ჩვენი გადაულახავი პრობლემა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შემდგომ თაობებს არ დავუტოვოთ და ქვეყანაში, სადაც ადამიანები შიგნით, ჩვენს ქვეყანაში არიან დევნილები, ეს პრობლემა უნდა მოვაგვაროთ. ეს პრობლემა უნდა მოვაგვაროთ მხოლოდ და მხოლოდ ორი გზით - მშვიდობით და შრომით. ჩვენ უნდა შევქმნათ წარმატებული, დემოკრატიული, ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა, რომ ჩვენი ძმებისთვის გავხდეთ უფრო მიმზიდველები. ეს არის ერთადერთი გზა, რამეთუ ქვეყანაში არ არსებობს განვითარების შესაძლებლობა, მშვიდობის და სიმშვიდის გარდა. ეს არის ჩვენი ქვაკუთხედი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერის თქმით, მთავრობის მთავარი საზრუნავია, რომ თითოეულ ქართულ ოჯახს ჰქონდეს შესაძლებლობა, თავისი შრომით არჩინოს თავისი ოჯახი და ამისთვის სახელმწიფომ უნდა შექმნას ყველასთვის თანაბარი კონკურენტული პირობები.
„რა თქმა უნდა, ჩვენი ყოველდღიური შრომა არის მიზანი იმისთვის, რომ თითოეულ ქართულ ოჯახს ჰქონდეს შესაძლებლობა, თვითრეალიზებით, თავისი შრომით არჩინოს თავისი ოჯახი. ამისთვის სახელმწიფომ უნდა შექმნას ყველასთვის თანაბარი კონკურენტული პირობები და ყველას უნდა მიეხმაროს პირველი ნაბიჯის გადადგმაში, თავისი საქმის დაწყებაში. დღეს ჩვენ კოლეგებთან ერთად ვიყავით რამდენიმე ადგილზე. ვიყავით ჩუმლაყში, სადაც სულ რაღაც ერთ-ორ წელიწადში შეიქმნა სამაცივრე ინფრასტრუქტურა და დღეს კახელ გლეხს უკვე აქვს არჩევანი - როგორ და სად გაყიდოს თავისი პროდუქცია. ამ ქვეყანაში უნდა მივაღწიოთ იმას, რომ არ დარჩეს არც ერთი გოჯი დაუმუშავებელი მიწა და რა თქმა უნდა, მთავრობის ვალდებულებაა, რომ ჩვენი ფერმერების მიერ წარმოებული არც ერთი გრამი პროდუქტი დაუბინავებელი არ დარჩეს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მთავრობის მეთაურის თქმით, დღეის მდგომარეობით, 19 800 ტონა ატამი არის ექსპორტირებული ქვეყნიდან, რაც შარშანდელ მონაცემებზე თითქმის ორჯერ უფრო მეტია.
„მარტივ რიცხვებს გეტყვით, 2012 წელს კახეთში გადამუშავებული და მოყვანილი იყო 52 ათასი ტონა ყურძენი, 2019 წელს - 278 ათასი ტონა, 2020 წელს ველოდებით 300 ათას ტონა ყურძენს. ეს არის კონკრეტული რიცხვები, რომლის უკან დგას პირველ რიგში ქართველი ფერმერის და გლეხის შრომა და შემდგომ უკვე ის პირობები, რომლითაც ვცდილობთ, ადამიანს მივცეთ შესაძლებლობა, ღირსეულად არჩინოს თავისი ოჯახი. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის.
სახელმწიფოს აქვს თავისი პირდაპირი, ფუნდამენტური ვალდებულებები, როგორიც არის მაგალითად განათლება. ამიტომ დავიწყეთ ჩვენ განათლების მასშტაბური რეფორმა, რომლის მიზანიც არის, რომ როდესაც თითოეული ნიჭიერი ბავშვი მიიღებს განათლებას საქართველოში და გავა ქვეყნის გარეთ, სხვა ქვეყნის შვილებთან უნდა იყოს კონკურენტუნარიანი. მან უნდა იცოდეს, რომ მისი განათლების სისტემა არის ისეთი, რომ როდესაც დროებით დატოვებს თავის ქვეყანას, არ უნდა იგრძნოს თავი დაჩაგრულად. ამიტომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ განათლების რეფორმა იყოს ეფექტური. ეს ვერ იქნება სწრაფი რეფორმა, მაგრამ პროცესი დაწყებულია და ყოველწლიურად ნაბიჯ-ნაბიჯ პროგრესი უნდა გვქონდეს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, უმნიშვნელოვანესია ასევე სახელმწიფოს პასუხისმგებლობა პენსიონერების წინაშე და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მათ თავიანთი ყოველდღიური ცხოვრების რაღაც დონე შეინარჩუნონ.
„მეორე და უაღრესად მნიშვნელოვანი - სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ჩვენი ღვაწლმოსილი პენსიონერების წინაშე. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ თუნდაც ღარიბ ქვეყანაში, რომ პენსიონერების, ღვაწლმოსილი მოხუცების ცხოვრება ასე უცებ არ შეიცვალოს, მათ თავიანთი ყოველდღიური ცხოვრების რაღაც დონე უნდა შეინარჩუნონ და ჩვენ მათზე არა მხოლოდ პენსიით უნდა ვიზრუნოთ, უნდა ვიზრუნოთ მათ სოციალურ მდგომარეობაზე და რა თქმა უნდა ჯანმრთელობაზე. უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ჯანდაცვისა და სოციალური სისტემის რეფორმირებასთან. სხვას ყველას, ქვეყნის ჯანსაღ, ჯანით სავსე მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, ჩვენი საქმიანობით, ჩვენი შრომით ჩვენი ოჯახები ღირსეულად ვარჩინოთ და ამისთვის სახელმწიფომ უნდა შექმნას თანაბარი პირობები ყველასთვის. არანაირი კორუფცია, არანაირი ბიუროკრატია, ეს უნდა იყოს სახელმწიფოს ძირითადი ფუნქცია.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შესაძლებელია უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დაცვით. მოგეხსენებათ, მძიმე რეგიონში ვცხოვრობთ, ბევრი გამოწვევა გვაქვს, ოკუპირებული ქვეყანა ვართ, მაგრამ უნდა გამოვიჩინოთ გონივრულობის უმაღლესი დონე, სიფრთხილე და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად, მშვიდობა და შრომა არის ერთადერთი სწორი გამოსავალი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერმა ისაუბრა მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და აღნიშნა, რომ 2012 წლიდან დღემდე კახეთის რეგიონში მხოლოდ ინფრასტრუქტურულ პროექტებში სახელმწიფოს მხრიდან ინვესტირებულია 728 მილიონი ლარი, თუმცა, გიორგი გახარიას განცხადებით, ეს საკმარისი არ არის.
„რა თქმა უნდა, ქვეყანაში ბევრი რამ არის ინფრასტრუქტურულად გასაკეთებელი. 2012 წლიდან დღემდე კახეთის რეგიონში მხოლოდ ინფრასტრუქტურულ პროექტებში სახელმწიფოს მხრიდან ინვესტირებულია 728 მილიონი ლარი. საკმარისია? არა, ნახევარიც არ არის, რადგან უამრავი გზა არის კიდევ გასაკეთებელი, წყალმომარაგება უკიდურესად სერიოზული პრობლემაა, საირიგაციო სისტემები უკიდურესად სერიოზული პრობლემაა. სკოლების და ბაღების რეაბილიტაცია არის უკიდურესი აუცილებლობა და ეს ყველაფერი ჩვენ ერთად უნდა გავაკეთოთ. ბევრი კარგი საქმეა დაწყებული.
რაც მთავარია, ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამყარდეს სამართლიანობის შეგრძნება, რომ ის ლიმიტირებული, ცოტა რესურსი, რომელიც ქვეყანას გააჩნია, რადგან ჯერ კიდევ ღარიბი ქვეყნის და ღარიბი ეკონომიკის შვილები ვართ, სამართლიანად იყოს გადანაწილებული ყველაზე, რაც ჩვენ ვეცადეთ, გაგვეკეთებინა პანდემიის და ეკონომიკური კრიზისის დროს, როდესაც ვცადეთ, მივსულიყავით და დავხმარებოდით ყველა იმ ადამიანს, ვისაც ყველაზე უფრო უჭირდა. ქვეყნის ეკონომიკა, ფინანსური რესურსები შეზღუდულია, ამიტომ სწორ მიზნობრიობას და სამართლიანობას უკიდურესად დიდი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მთავრობის მეთაურის თქმით, სახელმწიფო უნდა დაეხმაროს დარგებს, დადგნენ ფეხზე და ყველაფერი გაკეთდება ფერმერის მხარდასაჭერად.
„აქედან გამომდინარე, ჩვენ გავაგრძელებთ ფერმერების დახმარებას, გავაგრძელებთ თუნდაც გვესმის, რომ ეკონომიკურად სწორი არ არის ყურძნის სუბსიდირება, მაგრამ ეს არ არის სწორი განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში, საქართველოში ეს სწორია.
არ არის სწორი ვაშლის სუბსიდირება, მაგრამ როდესაც ვუყურებთ, რომ ქართლელ გლეხს, რომელმაც ამდენი შრომით ვაშლი მოიყვანა, 10 თეთრს უხდიან, რა თქმა უნდა, სახელმწიფო უნდა მიეხმაროს. სუბსიდირება არ სჭირდება ატამს, თხილს. უნდა მივეხმაროთ დარგებს, დადგნენ ფეხზე, ამიტომ ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ყველაფერს გავაკეთებთ და გვერდით დავუდგებით კახელ ფერმერს ამ რთველის დროსაც.
მოკლედ რომ გითხრათ, უახლოეს პერიოდში დაიწყება და დასრულდება ველისციხის რეაბილიტაცია; გურჯაანის შემოვლითი გზა, რომელიც ამ გზას განტვირთავს და ადამიანებს გზის ორივე მხარეს ნორმალური ცხოვრების საშუალებას მისცემს. უდიდესი ინვესტიციები და სერიოზული სამუშაოა ჩასატარებელი წყალმომარაგების თვალსაზრისით; კარდენახში სკოლა აშენდება; 7 მილიონი ლარი იქნება ინვესტირებული სკოლებში, რათა ბავშვებმა ნორმალურ გარემოში ისწავლონ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერის თქმით, ხელისუფლების და „ქართული ოცნების“ ძირითადი მიზანი იყო და იქნება ადამიანზე, მოქალაქეზე ზრუნვა, ბიუროკრატიის სამართლიანობა და კეთილსინდისიერება.
„საბოლოო ჯამში მინდა გითხრათ, რომ ადამიანზე, მოქალაქეზე ზრუნვა იყო და იქნება ამ ხელისუფლების და „ქართული ოცნების“ ძირითადი მიზანი; ბიუროკრატიის სამართლიანობა და კეთილსინდისიერება. იქ, სადაც ვინმე დასასჯელია, ერთი რამ არის სათქმელი და თუ ხალხის მიერ არჩეული ადამიანი, თუნდაც ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე ღირსეულად და კეთილსინდისიერად არ ემსახურება საქართველოს მოქალაქეს, ყველამ ერთად უმკაცრესი ღონისძიებები უნდა მივიღოთ.
ღირსეული წარმომადგენელი გეყოლებათ საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. დავით სონღულაშვილი არის უაღრესად განათლებული, ამ კუთხეზე შეყვარებული და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დღეის მდგომარეობითაც ერთ-ერთი ყველაზე აქტიური დეპუტატი. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად ყველა ამ სამართლიან ბრძოლაში დამსახურებულად გავიმარჯვებთ. გამარჯვებას გისურვებთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.