15-08-2020
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი და პარლამენტის წევრები სამების საკათედრო ტაძარში, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულ და ახლახან იდენტიფიცირებულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ. პარლამენტის წევრებმა ტაძარში დასვენებულ 13 იდენტიფიცირებული პირის ოჯახების წევრებს სამძიმარი გამოუცხადეს.
„კიდევ ერთხელ გავიზიარეთ ამ ოჯახების და მთლიანად საქართველოს მწუხარება დაღუპული ვაჟკაცების და სამოქალაქო პირების გამო. ოჯახებმა ამდენი ხნის განმავლობაში საფლავების დატირება ვერ შეძლეს და ეს მცირედი შვება იმ მოლაპარაკებების შემდეგ მაინც მიენიჭათ, რომელიც „წითელი ჯვარის“ დახმარებით ქართველებსა და აფხაზებს შორის მუდმივად მიმდინარეობს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
სამოქალაქო პანაშვიდს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან ერთად, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე და კომიტეტის წევრები დაესწრნენ.