29-08-2020
აჭარას რაიმე თუ აქვს დასაცავი, როგორც საქართველოს მთავრობა, ისე აჭარის მთავრობა გააკეთებენ ყველაფერს მის დასაცავად და პოლიტიკური პოპულიზმის საგნად ეს ვერასდროს იქცევა, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ „პატრიოტთა ალიანსის“ ბანერთან დაკავშირებით, რომელზეც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მსგავსად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაც წითლად იყო მონიშნული.
„ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი – ბანერებიც, განცხადებებიც და ამას ხალხი ადეკვატურად შეაფასებს. ამავე დროს, მიუღებელია რომ ეს იქცეს იაფფასიან პოლიტიკური პოპულიზმის საგნად. თქვენ იცით, როგორც კი გამოჩნდა შესაბამისი ბანერები, მაშინვე მოახდინა მერიის შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ამ ქალაქში იყოს ამ შინაარსის მატარებელი ნებისმიერი ნიშანი. ყველას მინდა ვუთხრა და მოვუწოდო, რომ თუკი აჭარას აქვს რაიმე დასაცავი, როგორც საქართველოს მთავრობა, ისე აჭარის მთავრობა გააკეთებენ ყველაფერს მის დასაცავად და პოლიტიკური პოპულიზმის საგნად ეს ვერასდროს ვერ იქცევა“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში განთავსებულ ბანერთან დაკავშირებით, რომელიც ბათუმის მერიის მიერ დაუყოვნებლივ იქნა ჩამოხსნილი.