31-08-2020
პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ხელვაჩაურში, ანზორ ბოლქვაძისა და ფრიდონ ფუტკარაძის წარდგენაზე მოსახლეობას სიტყვით მიმართა.
კალაძის მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
მოგესალმებით, მივესალმები პრემიერ-მინისტრს, ბატონ გიორგი გახარიას, მივესალმები აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, აჭარის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელს, დამსწრე საზოგადოებას. პირველ რიგში მინდა ყველას მადლობა მოგახსენოთ დღეს აქ მობრძანებისთვის.
ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს ხელვაჩაურში ვიმყოფები. მუნიციპალიტეტში , სადაც განსაკუთრებული ადამიანები ცხოვრობენ, რომლებიც თავიანთი ყოველდღიური შრომით, ყოველდღიური მოღვაწეობით ძალიან ბევრს აკეთებენ ამ მხარისთვის და რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის.
ალბათ არავისთვის არის საიდულმო, რომ აჭარა, მთლიანად ეს მხარე, ტოლერანტობის, მეგობრობის ურთიერთისყვარულის განსაკუთრებულ ტრადიციას ინახავს. სწორედ აჭარაში, განსხვავებული ეთნიკური წარმომავლობისა და რელიგიური აღმსარებლობის მქონე ადამიანები მშვიდობიანად თანაცხოვრობენ და ერთად შრომობენ საკუთარი სამშობლოს, საკუთარი რეგიონის განვითარებაზე. სწორედ აქ მაცხოვრებელი, ადგილობრივი მოსახლეობის უდიდესი ტოლერანტობის გამოვლინების დამსახურებაა, რომ აფხაზი მუჯაჰირების შთამომავლები დღესაც ცხოვრობენ მინიციპალიტეტის ტერიტორიაზე და საკუთარი მხარის განვითარებაზე ზრუნავენ.
ამ მხარეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. ყველამ კარგად იცის, რომ შუა საუკუნეებში აღნიშნულ ტერიტორიებს მთლიანად დასავლეთ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული დანიშნულება ჰქონდა. ამ ადგილებში გვხვდება შუა საუკუნეების მნიშვნელოვანი ძეგლები.
ეს ყველაფერი ჩვენი ისტორიის უნიკალური მონაპოვარია, რაც თითოეულ ჩვენგანს სიამაყით ავსებს, თუმცა, აუცილებელია, რომ ყველამ ერთად, ხელვაჩაურის სამომავლო განვითარებაზე ვიზრუნოთ, რასაც ჩვენი ხელისუფლება 2012 წლიდან მოყოლებული საქმით ამტკიცებს. განვლილი რვა წლის მანძილზე, მუნიციპალიტეტში უამრავი მასშტაბური პროექტი იქნა განხორციელებული. დაიგო გზები, განვითარდა ინფრასტრუქტურა, ხელისუფლების ინიცირებული პროგრამების საშუალებით სახელმწიფოსა და მოქალაქეების წარმატებული თანამშროლმობის მაგალითები ვიხილეთ, სოფლის მეურნეობაში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმები და ასევე ეკონომიკის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სხვადასხვა პროგრამები, რითაც შესაძლებლობა აქვთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას , რომ განავითაროს მცირე და საშუალო ბიზნესი.
რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის და მემგონი ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ როგორც აქ ასევე ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით არსებობს გამოწვევები, არსებობს ჯერ კიდევ პრობლემები, რასაც სჭირდება მოგვარება და მოწესრიგება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთიანი ძალისხმევით, შევძლებთ ამ გამოწვევებს ღირსეულად ვუპასუხოთ. ჩვენ შევძლებთ, რომ ეს პრობლემები ეტაპობრივად მოვაგვაროთ, მაგრამ აქაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ერთობა, რასაც ამ ბოლო წლების განმავლობაში მოყოლებული, 2012 წლიდან ყოველდღიურად ვხედავდით, თუ რამხელა ძალა აქვს ამ ერთობს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, უნდა ვიშრომოთ თითოეული სოფლის წარმატებისთვის, უნდა ვიშრომოთ თითოეული რაიონის, თითოეული მუნიციპალიტეტის, თითოეული ქალაქის წარმატებისთვის. ერთად უნდა შევქმნათ წარმატებული ისტორიები.
ერთად საქართველოს წარმატებისთვის!"-განაცხადა კალაძემ.