8-09-2020
თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობისთვის და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულები ტ.ლ., თ.მ., და დ.ჯ. დამნაშავედ ცნო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 5 ნოემბერს, ტ.ლ., დ.ჯ., დ.პ. და თ.მ. დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არბოშიკში ყაჩაღობის მიზნით თ.ბ.-ს საცხოვრებელ სახლში შეიჭრნენ, თავს დაესხნენ თ.ბ.-ს, მიაყენეს სხვადასხვა სახის დაზიანებები და თანხა და ოქროს ნივთები მოსთხოვეს. უარის მიღების და დაზარალებულის მიერ გაწეული წინააღმდეგობის შემდეგ, თავდამსხმელებმა თ.ბ. მოკლეს, შემდეგ კი, თ.ბ.-ს ოჯახის კუთვნილი 7900 ლარის ღირებულების ოქროს ნივთებს, 3100 ლარს, 1600 ლარად ღირებულ ლეპტოპს დაეუფლნენ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა ტ.ლ., დ.ჯ. და თ.მ. 2019 წლის 9 დეკემბერს დააკავეს. ტ.ლ.-ს და თ.მ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, ჩადენილი ჯგუფურად, ანგარებით) 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჯგუფურად, ჩადენილი არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით), ხოლო დ.ჯ.-ს 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით , მე-3 ნაწილის ,,გ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, ჯგუფურად, ანგარებით, არაერთგზის) და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა’’ , ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჯგუფურად, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით) წარედგინათ.
თელავის რაიონულმა სასამართლომ სამივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ტ.ლ.-ს და დ.ჯ.-ს 20-20 წლით, ხოლო თ.მ.-ს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
რაც შეეხება მეოთხე ბრალდებულს დ.პ.-ს, ვინაიდან იგი ემალება გამოძიებას, მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,გ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტით და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტით. დ.პ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. ამჟამად თელავის რაიონულ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.