9-09-2020
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი გორის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „პომონა“ ვაშლის ბაღში პირველი მოსავლის აღებას დაესწრო. პროგრამის ,,დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაშენებული ინტენსიური ბაღის საპროგნოზო მოსავლის რაოდენობა 80 ტონას შეადგენს.
„პროგრამა „დანერგე მომავალი“ აერთიანებს ყველა აუცილებელ მოთხოვნას და ტექნოლოგიას, რაც საშუალებას აძლევს ფერმერს გააშენოს თანამედროვე, ინტენსიური ბაღები და მიიღოს მაღალი ხარისხის, უხვი მოსავალი. ეს კოოპერაციული ბაღი ამის ნათელი მაგალითია.
რამდენიმე წლის წინ, ასეთი მეურნეობები საქართველოში საერთოდ არ არსებობდა. ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკის - წარმოების სხვადასხვა ეტაპზე თანადაფინანსების და მხარდაჭერის, ტექნიკური დახმარების და ცოდნის გაზიარების შედეგად, დღეს სხვადასხვა კულტურაში გაშენდა ათეულობით ასეთი ინტენსიური და ნახევრადინტენსიური ბაღი. იმედი გვაქვს, რომ სწორედ მსგავსი თანამედროვე მეურნეობების შექმნა-განვითარებით, ის ჩარევა, რასაც დღეს სახელმწიფო არასტანდარტული მოსავლის დაბინავების კუთხით ახორციელებს, საჭირო აღარ იქნება. ჩვენი ფერმერები შეძლებენ აწარმოონ მაღალი ხარისხის, კონკურენტუნარიანი პროდუქცია და დააკმაყოფილონ არა მხოლოდ ადგილობრივი მოთხოვნა, არამედ გავიდნენ საექსპორტო ბაზრებზე“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა „პომონა“ ვაშლისა და ბლის ბაღი 12 ჰა-ზე გააშენა, მათ შორის 5 ჰა -ზე ვაშლის ბაღი პანდემიის პერიოდში გაშენდა.
კოოპერატივმა, ნერგების, სარწყავი და სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობისათვის სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების სახით 220 000 ლარი მიიღო. „პომონა“ შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ბენეფიციარია, სესხის ოდენობა 620,000 ლარს შეადგენს.
პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, შიდა ქართლის რეგიონში ხეხილის ბაღი 2387 ჰა-ზეა გაშენებული, სახელმწიფო თანადაფინანსება 16 მლნ ლარს შეადგენს.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „პომონა“ ვაშლის ბაღში მოსავლის აღების პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუგზარ სამხარაძეც ესწრებოდა.