9-09-2020
პეტრას ციხეზე არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარე წელს შიდაციხის შემდეგ უბნებზე ჩატარდა:
- შიდაციხის ჩრდილოეთის ბორცვის ჩრდილო-აღმოსავლეთ მონაკვეთში არსებული ნაგებობის, ე. წ. „ცისტერნის“ უბანი. ნაგებობა გაიწმინდა და მომზადდა კონსერვაციისთვის.
- ექსპედიციამ შეისწავლა ტერიტორია აღმოსავლეთ კარიბჭის დასავლეთის მიმართულებით.
ბაზილიკის მინაშენის კედელი გაგრძელდა დასავლეთის მიმართულებით. სავარაუდოდ, აღნიშნული კედელი, ქრონოლოგიურად სხვადასხვა ნაგებობის ნაშთს წარმოადგენს. კედელი დასავლეთით სრულდება ნახევრადწრიული ფორმის წყობით, რომელიც მოქცეულია ბაზილიკის ჩრდილოეთ მინაშენისა და ბაზილიკის ჩრდილოეთ ნავს შორის. ეს აღმოჩენა სიახლეს წარ-მოადგენს. წინასწარი დაკვირვებით, ნახევრადწრიული ნაგებობა სამნავიან ბაზილიკაზე ადრეული ჩანს, რადგან იკვეთება ბაზილიკის ჩრდილოეთი ნავის კედლით და შესაძლოა წარმოადგენდეს ადრე აღმოჩენილი ადრეული ნაგებობის კუთვნილებას.
- სამნავიანი ბაზილიკის შიდა სივრცეში გაითხარა აღნიშნულ ნაგებობაზე ადრეულად მიჩნეული ნაგებობის ნაშთები. კერძოდ, დაზუსტდა ამ უკანასკნელის ჩრდილოეთი და დასავლეთი კედლის კონტურები, უფრო მკაფიოდ გამოჩნდა სხვადასხვა პერიოდის წყობათა ურთიერთკვეთის სურათი.
არქეოლოგიური გათხრები აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებითა და ფინანსური უზრუნველყოფით განხორციელდა. ექსპედიცია მომავალ წელსაც გაგრძელდება.