გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

NDI-ის კვლევა: საქართველოში უმუშევრობის დონე გაიზარდა

14-09-2020

ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და მისი პარტნიორი ორგანიზაცია CRRC–საქართველოს მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობის უმეტესობა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს (88 პროცენტი), თუმცა ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი თუ ვის მისცემს ხმას (59 პროცენტი).

მოსახლეობისთვის საჭირბოროტო საკითხები ძირითადად ეკონომიკას ეხება და ისინი კანდიდატებისგან პრობლემების გადაჭრის გზებზე საუბარს მოელიან. სასურველი კანდიდატის შერჩევისას მოსახლეობა, პირველ რიგში, პარტიის ეკონომიკურ პოლიტიკას (36 პროცენტი), ჯანდაცვის პოლიტიკას (12 პროცენტი) და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებულ პოლიტიკას (12 პროცენტი) მიიღებს მხედველობაში. მოქალაქეების მხრიდან ეკონომიკაზე აქცენტი თანხვედრაშია მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების ჩამონათვალთან, რომლის სათავეშიც უკვე წლებია დასაქმება (49 პროცენტი), სიღარიბე (39 პროცენტი) და ფასების ზრდა/ინფლაცია (20 პროცენტი) ექცევა.

კვლევის თანახმად, მოსახლეობის ეკონომიკური პრიორიტეტები გეოგრაფიული დასახლებების მიხედვით განსხვავდება. თბილისში და სხვა ურბანულ დასახლებებში (58 პროცენტი და 46 პროცენტი) მოქალაქეები პრიორიტეტს ტურიზმის განვითარებას ანიჭებენ, სოფლის ტიპის მოსახლეობა კი - მიწათმოქმედებას (75 პროცენტი) და მესაქონლეობას (59 პროცენტი).

ზრდასრული მოსახლეობის მეოთხედი აცხადებს, რომ უმუშევარია, რაც ივნისის კვლევასთან შედარებით შვიდი პროცენტით გაზრდილი მაჩვენებელია. ეს, სავარაუდოდ, კორონავირუსის ეკონომიკური გავლენის შედეგია. ადგილობრივ დონეზე მოსახლეობა ყველაზე მეტად გზების მდგომარეობაზე (31 პროცენტი), წყალმომარაგებაზე (22 პროცენტი), გარემოს დაბინძურებასა (13 პროცენტი) და საცობებზე (13 პროცენტი) წუხს. თბილისში მთავარ პრობლემებად საცობებს და გარემოს დაბინძურებას, სხვა ქალაქებში და სოფლებში კი წყლისმომარაგებასა და გზებს ასახელებენ. “გადაუწყვეტელი მოქალაქეების ასეთი სიმრავლე პარტიებისთვის ერთდროულად გამოწვევას და შესაძლებლობას წარმოადგენს. კანდიდატებს დიდი ძალისხმევის გაწევა მოუწევთ, რათა მოქალაქეებისთვის პრობლემების გადაჭრის გზების შეთავაზება და ამით მათი შთაგონება და მოტივირება მოასწრონ” - განაცხადა ალან გილამმა, NDI საქართველოს ოფისის დირექტორმა.

"უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ გამოკითხვისა და არჩევნების შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება, რადგან არჩევნების ბედი გადაუწყვეტელი ამომრჩევლების ქცევაზე იქნება დამოკიდებული.”

არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, მოსახლეობის უმეტესობა (56 პროცენტი) დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდება. თუმცა გარკვეული საკითხები მაინც იწვევს მოსახლეობის წუხილს. მოქალაქეების მესამედი აცხადებს, რომ ამომრჩევლების მოსყიდვა არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვის ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს. ამას მოსდევს დარღვევები ხმის მიცემის პროცედურებში (15 პროცენტი) და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება (13 პროცენტი).

NDI-ის ცნობით, აღნიშნული კვლევა 6-11 აგვისტოს პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,045 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,3 პროცენტი.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.