გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მამუკა მდინარაძე: მოვუწოდებთ პარტიებს, ერთად უზრუნველვყოთ საარჩევნო ქცევის კოდექსის პუნქტების აღსრულება

14-09-2020

მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის შვეიცარიის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მხარდაჭერით შეიქმნა პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ქცევის კოდექსი ეხება ,,ფეიკნიუსების“ გავრცელების პრევენციას, გამჭვირვალე წინასაარჩევნო გარემოს, არჩევნების უმაღლესი სტანდარტით ჩატარების გარანტიებს და სხვა მნიშვნელოვან თემებს.

ჩვენ ამ დოკუმენტის შემუშავებაში ჩართულები ვიყავით. გვქონდა რამდენიმე შენიშვნაც, რომლებიც დიდ წილად გაითვალისწინა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. შენიშვნები შეეხებოდა პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან ცილისწამებაზე და დანაშაულის დაბრალებაზე, ყალბი ინფორმაციის გავრცელებაზე უარის თქმას და მასზე რეაგირებას. ასევე , ამომრჩევლის კონტროლის, მათი აგიტაციის მიზნით საარჩევნო უბანთან შეყოვნებას და შემოხაზული ბიულეტენის ფოტოგადაღების ან ხმის მიცემის კაბინიდან კონვერტში განთავსების გარეშე გამოტანის გამორიცხვას.

შესაბამისად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილი პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი შეიცავს და ითვალისწინებს მთელ რიგ პრინციპებსა და ღირებულებებს, რაც ცალსახად მისასალმებელია და აქედან გამომდინარე, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ უერთდება წინამდებარე დოკუმენტს. მას ჩვენი მხრიდან უკვე ხელი მოაწერა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ.

ოპოზიციის წარმომადგენლები, როგორც იცით, თავიდან უარს აცხადებდნენ ხელმოწერაზე, თუმცა ჩვენი დასავლელი მეგობრების სამკვირიანი მუშაობის შედეგად, როგორც ჩანს მათთან შეთანხმება შედგა და მისასალმებელია, რომ დოკუმენტზე მათი ხელმოწერაც დაფიქსირდება.

მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველამ ერთად უზრუნველვყოთ ქცევის კოდექსში დაფიქსირებული პუნქტების რეალურ ცხოვრებაში აღსრულება, რათა მასზე ხელმოწერა უბრალო ფორმალობად არ დარჩეს.

აქვე, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ცესკოს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას და ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, რომლებმაც ხელი შეუწყეს ამ მაღალი ხარისხის დოკუმენტის შემუშავებას" - განაცხადა მდინარაძემ.