19-09-2020
„გამოვთქვამ რწმენას, რომ ვანის, ხონის, სამტრედიის და წყალტუბოს მოსახლეობა გააკეთებს ღირსეულ არჩევანს, რომ კიდევ ერთხელ დაუდგეთ ერთმანეთს გვერდით ჩვენი რეგიონის - იმერეთისთვის“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გივი ჭიჭინაძემ ვანში, წარდგენაზე.
დეპუტატობის კანდიდატმა გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს.
გივი ჭიჭინაძის თქმით, მმართველი პარტიის მთავარი ფასეულობა ადამიანი და მისი ჯანმთელობაა.
თავის გამოსვლაში დეპუტატობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
„ვანი არის ჩვენი ქვეყნის სიამაყე, ისტორიული კუთხე, ისტორიული კოლხეთის მარგალიტი. ვანის ნაქალაქარზე მოპოვებული უძველესი არქეოლოგიური მასალა არის ძველი წელთაღრიცხვით 8-6 საუკუნის და ეს არის უნიკალური სიმდიდრე, რომელიც მსოფლიოს საგანძურს წარმოადგენს. ვანის საგანძური რამდენჯერმე იყო წარმოდგენილი მსოფლიოს უდიდეს მუზეუმებში. აქ მოპოვებული არქეოლოგიური მასალა მსოფლიო ხუთეულში შედის. ასე, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია მუზეუმი, რომელიც უახლოეს ხანში გაიხსნება. მინდა ყველა მოგიწვიოთ და ყველამ ერთად ვეზიაროთ ამ დიდ საგანძურს ჩვენი ისტორიულად ჩვენი წინაპრების მიერ შექმნილს. ვანი ასევე დახუნძლულია შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრეებით, ტაძრებით, როგორიც არის თამარის ციხე, ორმაღლის ციხე, შუა მთის წმინდა გიორგის ეკლესია და სხვა. ღირსშესანიშნეობებიდან აღსანიშნავია ბზვანის კასტრული მღვიმე და დიხაშხოს გოგირდის გეიზერები.
უძველესი კულტურის ვანში დაიბადნენ უდიდესი ქართველი პოეტები გალაკტიონ ტაბიძე და ტიციან ტაბიძე. ჩვენ ვიმყოფებით ჩვენი დიდი ტიციანის და გალაკტიონის მუზეუმში. სწორედ აქ მომავალს გამახსენდა დიდი გალაკტიონის სიტყვები, " ჩვენ იმიტომ ვსწავლობთ წარსულს, ერთად შევქმნათ მომავალი". დიახ მომავლის ფართო ორიენტირზეა გათვლილი მმართველი პარტიის "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" სამომავლო სამოქმედო პროგრამა, რომლის მიხედვითაც უმთავრესი და უძვირფასესი არის ადამიანი მისი კეთილდღეობისათვის ზრუნვა, ქართველი ხალხის ერთიან მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრება, ევროინტეგრაციის, ერთიანობის და სოლიდარობის მიღწევა.
კარგად ვიცნობ ვანის მუნიციპალიტეტს, ყველა სოფლის პრობლემა ვიცი და ვეცდები, აქტიურად ვიზრუნო ჩვენი ამომრჩევლის საერთო თუ პიროვნული პრობლემების მოგვარებისათვის.
მეამაყება, რომ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ძალისხმევით ვანის მუნიციპალიტეტში 2012-2020 წლებში განხორციელდა მსხვილი პროექტები, მოეწყო საგზაო ინფრასტრუქტურა, რეაბილიტაცია და რეკონსტრუქცია ჩაუტარდა სკოლებს, საბავშო ბაღებს, თეატრებს, მოეწყო დიდი კალისტრატე ცინცაძის სახლ-მუზეუმი, გარემონტდა ვანის ცენტრალური სტადიონი და ადგილი სადაც ჩვენ ვიმყოფებით. მოგეხსენებათ აქ გვერდზე ჩამოდის მდინარე რიონი და ასევე სამი მდინარე. იყო საშიშროება რომ ეს ადგილი წაელეკა მდინარე რიონს. რამდენიმე თვის წინ განხორციელდა პროექტი და უკვე დაცულია აქაურობა და ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მთავრობას და ხელისუფლებას.
ჩვენი, მმართველი პარტიის მთავარი საზრუნავი არის ადამიანი და მისი ჯანმთელობა. მნიშვნელოვანია შშმ პირებისათვის ადაპტირებული გარემოს შექმნა, ასევე პრიორიტეტული იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, სოფლის მეურნეობის განვითარება.
ვანი ისტორიულად იყო დიდი და ნაყოფიერი ადგილი სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. ეხლაც მინდა განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ მევენახეობას, მეხილეობას, ვანში ძალიან განვითარებულია მეთხილეობა, თუმცა ბევრი მიმართულება შეიძლება წამოვწიოთ რითაც ისტორიულად ცნობილი იყო ვანი.
ჩვენთვის მთავარი ფასეულობა არის ადამიანი, ამიტომ მუდმივად ვიზრუნებთ, რომ სათანადოდ იყოს დაფასებული პედაგოგების, მედიკოსების, ტურიზმის და სოფლის მეურნეობის მომსახურე სფეროში დასაქმებულთა ღვაწლი. ასევე მინდა გავიხსენო და ვახსენო ჩვენი ვეტერანები, რომლებმაც ყველაზე მთავარი - სიცოცხლე შესწირეს ჩვენს ქვეყანას. მინდა, განსაკუთრებული ყურადღებით მოვექცეთ ამ ადამიანებს.
გამოვთქვამ რწმენას, რომ ვანის, ხონის, სამტრედიის და წყალტუბოს მოსახლეობა გააკეთებს ღირსეულ არჩევანს, რომ კიდევ ერთხელ დაუდგეთ ერთმანეთს გვერდით ჩვენი რეგიონის - იმერეთისთვის.
გვჯერა, რომ ჩვენ ერთად მივაღწევთ წარმატებებს, ერთად გავიმარჯვებთ, მადლობა და გამარჯვება მინდა გისურვოთ ჩემო საყვარელო ვანელებო"“ - განაცხადა გივი ჭიჭინაძემ.