გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გიორგი გახარია: საქართველოში ყველაზე მძიმე პრობლემა სამუშაო ადგილებია და ამ პრობლემას ყველა ერთად უნდა გავუმკლავდეთ

19-09-2020

საქართველოში ყველაზე მძიმე პრობლემა არის სამუშაო ადგილები და ამ პრობლემას, ყველა ერთად უნდა გავუმკლავდეთ და ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ ამ პრობლემაზეც. ამიტომ, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს, სახელმწიფო, თავის სოციალურ პასუხისმგებლობას თითოეული მოქალაქის მიმართ სრულად ათვითცნობიერებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ხონში, სამტრედიის, წყალტუბოს, ვანის და ხონის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გივი ჭიჭინაძის წარდგენაზე განაცხადა.

პრემიერ - მინისტრმა ხონისთვის ტურიზმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა, რომ სხვა მიმართულებებიც უნდა განვითარდეს, როგორიც არის სოფლის მეურნეობა.

„დიდი პატივია დღეს აქ თქვენთან ერთად უძველეს ქალაქში ყოფნა და მომავალზე საუბარი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან, როდესაც მომავალზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს წარსული, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, საიდან მოვდივართ და ვისი შვილები ვართ.

დღეს გლობალური პანდემიის პირობებში ვართ და ერთმანეთთან საუბარი პირბადეების ტარებით გვიწევს, ამასაც დრო დასჭირდება, ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ და წესები უნდა დავიცვათ.

ეს ვახსენე იმიტომ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ხონისთვის ტურიზმს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. აქ სერიოზული მოძრაობა და ინვესტიციები იყო, მაგრამ დროებით ეს ყველაფერი გაჩერდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ოკაცეს კანიონი და კინჩხის ჩანჩქერი ძალიან კარგია, ძალიან მაგარია და რაც უფრო მეტი ასეთი პროექტი იქნება, მით უკეთესია, მაგრამ მარტო ტურიზმზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული. უნდა განვავითაროთ სხვა მიმართულებებიც, როგორიც ხონში იყო სოფლის მეურნეობის მიმართულება, რომელსაც უფრო აქტიურად უნდა დავუბრუნდეთ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ სახელმწიფოს პროგრამებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სახელმწიფო სხვადასხვა პროგრამით ეხმარება თითოეულ მოქალაქეს, ვისაც აქვს სურვილი, თავისი საქმე დაიწყოს, გლეხობიდან გახდეს ძლიერი ფერმერი.

„დღეს სახელმწიფო ბევრი სხვადასხვა პროგრამით - „შეღავათიანი აგროკრედიტი“, „დანერგე მომავალი“, „აწარმოე საქართველოში“ სხვადასხვა პროგრამით, ეხმარება თითოეულ მოქალაქეს, ვისაც აქვს სურვილი, თავისი საქმე დაიწყოს, გლეხობიდან გახდეს ძლიერი ფერმერი. ციფრებში რომ ჩავიხედე, ხონში ამ მხრივ რა ხდება, საკმაოდ მცირე ციფრებია. „შეღავათიანი აგროკრედიტის“ თვალსაზრისით, ბოლო 5 წლის განმავლობაში დაახლოებით 7 მილიონი ლარია გამოყენებული, რაც ხონისთვის საერთოდ არაფერია. „დანერგე მომავლის“ ნაწილში ჩაის პლანტაციებია გამოყენებული და ისიც ბევრი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ხონს ამის ძალიან დიდი პოტენციალი აქვს.

ხონში შესანიშნავი იუსტიციის სახლი გაქვთ. ჩვენ გავაკეთეთ სპეციალური პროგრამა - „სახელმწიფო - შენი პარტნიორი“, რაც ნიშნავს იმას, რომ ხონელს თბილისში, რომელიმე სამინისტროში ჩასვლა აღარ დასჭირდება. ყველა ის სერვისი, რომლითაც სახელმწიფო დღეს თითოეულ მოქალაქეს ეხმარება, შეგიძლიათ, ხონის იუსტიციის სახლში მიიღოთ. დეტალურად არის განმარტებული ყველა პროგრამა, რომელსაც დღეს სახელმწიფო ახორციელებს მოსახლეობის დასახმარებლად. ასე, რომ უნდა გვქონდეს უფრო მეტი ინიციატივა, მეტი პასუხისმგებლობა, უფრო მეტი რისკი უნდა ავიღოთ ჩვენს თავზე და გვქონდეს იმის იმედი, რომ სახელმწიფო გვერდით დაგვიდგება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მიუხედავად პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისისა, არც ერთი წუთით და არც ერთი წამით, სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტები არ გაჩერებულა, ისეთი, როგორცი არის რიკოთი, ქუთაისის აეროპორტი და სხვა.

„ეს ყველაფერი გამოგვადგება იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში, როგორც კი დავასრულებთ და გავიმარჯვებთ პანდემიაზე, რა თქმა უნდა, სულ უფრო და უფრო მეტი ტურისტი უნდა მივიღოთ, რაც სწრაფ ეკონომიკურ აღდგენაში დაგვეხმარება. საბოლოო ჯამში, ხონში, თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, თელავში, დღეს საქართველოში ყველაზე მძიმე პრობლემა არის სამუშაო ადგილები და ამ პრობლემას, ყველა ერთად უნდა გავუმკლავდეთ და ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ ამ პრობლემაზეც. ამიტომ, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს, სახელმწიფო, თავის სოციალურ პასუხისმგებლობას თითოეული მოქალაქის მიმართ სრულად ათვითცნობიერებს. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რას ნიშნავს სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ბავშვების მიმართ და ამიტომ დავიწყეთ სისტემური რეფორმა განათლებაში. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რას ნიშნავს სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ჩვენი ხანდაზმული მოხუცების და პენსიონერების წინაშე, ამიტომ შევიტანეთ საკანონმდებლო ცვლილებები და არჩევნებიდან არჩევნებამდე ჩვენს პენსიონერებს აღარ ექნებათ იმის მოლოდინი, რომ ვიღაც პოლიტიკური ძალა მოვა და პენსიას გაუზრდის. დღეს, საკანონმდებლო დონეზე არის შეტანილი ცვლილებები და ყოველ წელს, პენსიის ზრდა მოხდება ეკონომიკური ზრდის პარალელურად. ეს არ იქნება მცირე თანხა.

გარდა ამისა, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ სახელმწიფომ უნდა გააძლიეროს მასწავლებელი, ექიმი, პოლიციელი. ეს ის ხალხია, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნავენ და რომელიც სახელმწიფო სერვისებით ემსახურებიან საქართველოს მოქალაქეებს“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატზე გივი ჭიჭინაძეზე საუბრისას აღნიშნა, რომ არჩევნებიდან მეორე დღეს, როდესაც გაიმარჯვებს, ის შეუდგება იმერეთის და რა თქმა უნდა, ხონის ღირსეულ მსახურებას.

„ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყნისთვის ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს დაწყებული ერთად და ეს ერთად დაწყებული საქმე ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავასრულოთ იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში ჩვენი გამარჯვების ნიშანი იყოს ეკონომიკურად ძლიერი, განათლებული, სამართლიანი და ევროპული სახელმწიფო. იმისთვის, რომ ჩვენ ყველამ ერთად შევძლოთ სულ მალე მივუკაკუნოთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს და ვუთხრათ, რომ საქართველო იმსახურებს ამ ღირსეულ ოჯახში გაწევრიანებას.

დარწმუნებული ვარ, ამ ნაბიჯის კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტი იქნება, ყველაზე სუფთა, ყველაზე დემოკრატიული არჩევნები, რომელსაც ჩვენ ჩავატარებთ 31 ოქტომბერს. ჩვენ უბრალოდ არ გვჭირდება არაფერი, ჩვენი მოსახლეობა ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს. ჩვენ უნდა ჩავატაროთ სუფთა არჩევნები და სამართლიან ბრძოლაში უნდა გავიმარჯვოთ ყველამ ერთად. ეს იქნება საქართველოს გამარჯვება და დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი გივი ჭიჭინაძე იქნება უაღრესად კეთილსინდისიერი და ხონელების ეფექტური ხმა საქართველოს პარლამენტში. ეს ადამიანი იყო გუბერნატორი ამ რეგიონის, იცის ზედმიწევნით ყველა პრობლემა, თითოეულ სოფელში მისულია და დარწმუნებული ვარ, არჩევნებიდან მეორე დღეს, როდესაც გაიმარჯვებს ის შეუდგება იმერეთის და რა თქმა უნდა ხონის ღირსეულ მსახურებას. გამარჯვებას გისურვებთ“ , - განაცხადა გიორგი გახარიამ.