8-03-2018
ჩოხატაურში ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივ და ძირითადად სახელფასო ფონდისთვის გამოყენებაზე საუბრობს "გურიის მოამბესთან" ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენელი, ენმ-დან ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი, ბესო ქათამაძე, რომელიც ჩოხატაურის მერს მიმართავს და მას, როგორც წარსულში "ნაციონალების" საარჩევნო შტაბის უფროსს, კალკულატორის მომარჯვებას ურჩევს:
"კალკულატორი მოიმარჯვე ბატონო მერო, წარსულში "ნაციონალების" საარჩევნო შტაბის უფროსო, ეხლა კი როგორც ჩოხატაურელები ამბობენ, ტენდერებიდან თანხების კარგად მიმთვისებელო.
ჩოხატაურის მერია-საკრებულოში დასაქმებულთა სახელფასო ხარჯი 1 575 000 ლარი.
მერია-საკრებულოს წარმომადგენლობითი ხარჯი, საწვავი 842 000 ლარი.
აიპებში დასაქმებულთა სახელფასო ხარჯი 1 500 000 ლარზე მეტი"-აცხადებს ქათამაძე.
ერთიანი "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ასევე გუშინ თოქ-შოუ "არჩევანში" მუნიციპალიტეტებში საკრებულოების მუშაობის სტილზე და იმ მთავარ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რაშიც საბიუჯეტო თანხები იხარჯება.
მათ შორის მოიყვანა ჩოხატაურის მაგალითი, სადაც, მისივე თქმით, 6 მილიონიანი ბიუჯეტიდან, 4 მილიონი მხოლოდ ხელფასებზე იხარჯება:
"სპეციალურად ამოვიწერე ეს მონაცემები ახლა, სანამ თქვენს გადაცემაში მოვიდოდი და გადავხედე თუ როგორც ,მუშაობს ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტი. მაგალითად, ჩოხატაურის ბიუჯეტი არის 6 მილიონი ლარი და სახელფასო ფონდში მიდის აქედან 4 მილიონი იხარჯება სახელფასო ფონდში. წარმოგიდგენიათ? ორი მილიონი არის მარტო იმისთვის, რომ ბიუჯეტის თანხა დაიხარჯოს სხვადასხვა პროექტებზე.
იქ დასაქმებულები არიან "ოცნების" აქტივისტები და მათი მხარდამჭერები და ამ ადამიანებზე აქვთ დანიშნული ხელფასები. ეს არის დღეს რეალური თვითმმართველობა, რაც ამ ხელისუფლების პირობებში არსებობს"-განაცხადა მელიამ.