გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ლევან დავითაშვილი: სოფლის მეურნეობის ეფექტიანად და სწორად განვითარებისთვის, თანამედროვე ცოდნა აუცილებელია

6-10-2020

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, მინისტრის პირველ მოადგილესთან, გიორგი ხანიშვილთან, საქართველოში აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის წარმომადგენელთან, დემნა ძირკვაძესთან და ორგანიზაციის „მომავლის ფერმერი“ თავმჯდომარესთან, რუსუდან გიგაშვილთან ერთად, სოფლის მეურნეობის პოპულარიზაციის მიზნით გამართული კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა.

„სოფლის მეურნეობის ეფექტიანად და სწორად განვითარებისთვის, თანამედროვე ცოდნა აუცილებელია. ჩვენ გვჭირდება აგრარული სფეროს ახალგაზრდა პროფესიონალები, ამიტომ პროექტები, რომლებიც პოპულარიზაციას უწევს ახალგარზრდებში სოფლის მეურნეობის მიმართულებებს, განსაკუთრებით დასაფასებელია. აღსანიშნავია, სამინისტროსა და აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა, რომლის ფარგლებში, არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა. მათ შორის არის ეს ინიციატივაც, რომელიც ახალგაზრდების სოფლის მეურნეობის დარგით დაინტერესებისა და წახალისების მიზნით, კონკურსის ჩატარებას გულისხმობს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კონკურსი, რომელიც მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და დარგით მომავალი თაობის დაინტერესებას, ორგანიზაცია „მომავლის ფერმერის“ ინიციატივით გაიმართა. კონკურსის მხარდამჭერები არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი (USDA) და კალიფორნიის ფრეზნოს უნივერსიტეტი.

როგორც „მომავლის ფერმერის“ თავმჯდომარემ, რუსუდან გიგაშვილმა აღნიშნა, კონკურსში, ქვეყნის მასშტაბით მდებარე ათეულობით სკოლა ჩაერთო. მონაწილეებმა წარადგინეს ინფორმაცია საკუთარი მეურნეობებისა და საკარმიდამო ბოსტნების, შერჩეული სათესლე/სანერგე მასალების, ჩატარებული აგროტექნიკური სამუშაოებისა და მიღებული მოსავლის შესახებ. კონკურსი სკოლების მეურნეობებისა და საკარმიდამო ბოსტნების ადგილზე ნახვასა და შეფასებას ითვალისწინებდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების გათვალისწინებით, პროცედურები ონლაინ რეჟიმში განხორციელდა.

საკონკურსო კომისიამ გამარჯვებულები კალიფორნიის ფრეზნოს უნივერსიტეტის მიერ სასკოლო კონკურსების შეფასებისთვის შემუშავებული კრიტერიტერიუმების მიხედვით გამოავლინა. კონკურსის პირველ ეტაპზე შეირჩა 37 მონაწილე, საიდანაც მეორე ეტაპზე გადავიდა 10. ქართველი და ამერიკელი სპეციალისტებით დაკომპლექტებულმა კომპეტენტურმა კომისიამ კი, სამი გამარჯვებული გამოავლინა შემდეგ ნომინაციაში:

-გუნდური ნამუშევარი - მარნეულის მუნიციპალიტეტის მარადისის საჯარო სკოლა, ეკოკლუბი „მაი“ - მე-9, მე-10, მე-11 კლასის 9 მოსწავლე. წარმოებული კულტურები: სალათის ფურცლები, ბროკოლი.
-მრავალფეროვანი ბოსტანი - გორის მუნიციპალიტეტი, სოფელ თორტიზას საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე გიორგი სირბილაძე. წარმოებული კულტურები: პომიდორი, ბულგარული წიწაკა, ბადრიჯანი, კიტრი, ყაბაყი, გოგრა, კომბოსტო.

-ყველაზე მოტივირებული - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, სოფელ იანეულის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ლაშა-გიორგი კუჭაშვილი. წარმოებული კულტურა: მარწყვი.
გამარჯვებულებს პლანშეტები, მაღაზია „ბიბლუსის“ ვაუჩერები, სიგელები და სერტიფიკატები გადაეცათ.