7-10-2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მესტიაში, ლეო ფილფანის სახელობის თეატრის ეზოში, 7-9 ოქტომბერს, 20:00 საათზე, სპექტაკლ „ბეთქილის“ პრემიერა გაიმართება. ღონისძიება კორონავირუსის პანდემიის პრევენციის მიზნით შემუშავებული რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდება.
უწყების ცნობით, მონადირე ბეთქილისა და ნადირობის ქალღმერთ დალის მითის შესახებ სპექტაკლი რეჟისორმა, კახა ბაკურაძემ დადგა. სპექტაკლში თანამედროვე ხედვით, თეატრალური ხერხებითა თუ კინოს ელემენტებით სწორედ დალისა და ბეთქილის სიყვარულის ლეგენდა ცოცხლდება.
სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: დავით რატიანი, თაკო ცქვიტინიძე, გეგი ფალიანი, ვასო ამურველაშვილი, ლილე ფილფანი, ანა ხერგიანი, სალომე ჭულუხაძე, რამაზ ფილფანი, ვაკო ხერგიანი, გიორგი ფილფანი, თემო ფირცხელანი, გია ფილფანი, გოგა უდესიანი, გოგა ფალიანი და დათა ფილფანი.
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია გეგი ფალიანი.
სპექტაკლი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და მესტიის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით დაიდგა.