გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შინაგან საქმეთა მინისტრმა და საქართველოში აშშ-ის ელჩმა სასაზღვრო სექტორი ”ჯუთას” ახალი შენობა გახსნეს

8-10-2020

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე სასაზღვრო სექტორი „ჯუთას“ ახალი შენობა გახსნეს.

გახსნის ცერემონიალს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) წარმომადგენლები დაესწრნენ.

ვახტანგ გომელაურმა ელჩს მადლობა გადაუხადა იმ განსაკუთრებული წვლილისთვის, რომელიც აშშ-ის მთავრობას შეაქვს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის, როგორც სახმელეთო საზღვრის, ასევე, სანაპირო დაცვის განვითარებაში. შინაგან საქმეთა მინისტრმა, ასევე, მადლობა გადაუხადა მესაზღვრეებს გაწეული სამსახურისთვის და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

"ყაზბეგის მიმართულებაზე, ჯუთას მონაკვეთზე ახალი სასაზღვრო სექტორი გაიხსნა, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, ჩვენს მეგობრებს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, ქალბატონ ელჩს, რომელიც ჩამობრძანდა, ასევე მადლობა მინდა გადავუხადო „DTRA-ს“ ოფისს, რომლებმაც ეს ახალი სექტორი ააშენეს და აღჭურვეს მთლიანად. ასევე მინდა მადლობა ვუთხრა მესაზღვრეებს, რომლებიც ამ მკაცრ პირობებში მუშაობენ. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ შევუმსუბუქოთ ეს სამუშაო ჩვენს მესაზღვრეებს. სასაზღვრო სექტორების დაახლოებით 20 პროცენტი დარჩა ასაშენებელი და განვაახლებთ ყველაფერს მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ყაზბეგის სამმართველოს სექტორი "ჯუთას" თანამედროვე სტანდარტების შენობა, რომელიც ზღვის დონიდან 2300 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში აშენდა და საქართველო-რუსეთის საზღვრის 18-კილომეტრიან მონაკვეთს მოემსახურება. შენობა აღჭურვილია თანამედროვე ინვენტარითა და უახლესი ტექნიკით.

მშენებლობის პროექტი აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) დაფინანსებით განხორციელდა.

"ეს არის საქართველოს ძალისხმევა, შეერთებული შტატების მხარდაჭერით მოახდინოს სასაზღვრო ობიექტების მოდერნიზება, რათა გაუმჯობესდეს ტექნიკა, რომელიც მიეწოდება მესაზღვრეებს და გაუმჯობესდეს ინფრასტრუქტურა, რაც მესაზღვრეებს საშუალებას მისცემს, დარჩნენ საზღვარზე მთელი წლის განმავლობაში. ეს შენობა არის თანამედროვე ხელოვნების ნიმუში და მე ძალიან ვამაყობ, რომ შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ერთად შეძლო ამის გაკეთება. ეს არის ნიშანი იმისა, რომ საქართველო მზად არის ნატოსთან ურთიერთქმედებისთვის და საკუთარი შესაძლებლობების გაზრდისთვის, რათა დაიცვას საკუთარი საზღვრები, ზღვიდან - სანაპირო დაცვის მეშვეობით, ხოლო მთაში - აქ მყოფი მესაზღვრეების დახმარებით. საქართველო ინვესტიციას დებს საკუთარი საზღვრების დაცვის შესაძლებლობების გაზრდაში და ჩვენ მოხარული ვართ, რომ ვართ ამ პროცესის ნაწილი", - განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა.

სტუმრებს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ შარაძემ და სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, ვიცე-პოლკოვნიკმა კოკა მელქაძემ უმასპინძლეს, სექტორის ახალი შენობა და ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინეს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საქმიანობის ხელშეწყობისა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში გაწეული დახმარებისთვის აშშ-ის არმიის უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი და თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს ევრაზიის ოფისის უფროსის მოადგილე, მაიორი ლარონ ბაიბი შინაგან საქმეთა სამინისტროს II ხარისხის მედლით - "განსაკუთრებული დამსახურებისათვის" დააჯილდოვა. ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, მედალიონით - "განსაკუთრებული დამსახურებისათვის" დაჯილდოვდნენ თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს ევრაზიის ოფისის საერთაშორისო პროექტების მენეჯერი, მერი სუზერმანი და მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის პრევენციის პროგრამის მენეჯერი, მარკ სალივანი.