11-10-2020
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს პროექტი „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის გატარების მხარდაჭერა ტყის დეგრადაციით გამოწვეული სათბური აირების ემისიის შემცირების მიზნით“ გააცნეს. შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
უწყების ცნობით, პროექტი მიზნად ისახავს ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და ალტერნატიული საწვავის ბაზრის განვითარების მხარდაჭერას ტყის დეგრადაციის გამომწვევ მიზეზებთან საბრძოლველად, ტყის რესურსებზე სოფლად მცხოვრები მოსახლეობის წვდომის გაუმჯობესებას.
„პროექტის წარმატებული განხორციელება, დიდწილად, დამოკიდებულია მასში მონაწილე სახელმწიფო ორგანოების კოორდინირებულ მუშაობასა და ადგილობრივი თვითმმართველობების აქტიურ ჩართულობაზე. 7 წლიანი პროექტი დედოფლისწყაროს, თელავის, ახმეტის, ყვარელის, ჩოხატაურის, ლანჩხუთის, ოზურგეთის და თიანეთის მუნიციპალიტეტებში განხორციელდება. ჩვენ შევძლებთ, ეტაპობრივად, სრულად გადავიდეთ ტყის მდგრად მართვაზე, დავნერგოთ ალტერნატიული ენერგიის წყაროების გამოყენება, გავაუმჯობესოთ ზედამხედველობა, ხელი შევუწყოთ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ტყის რესურსებზე წვდომას და, მდგრადი სარგებლობით, მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ კლიმატის ცვლილებების შერბილებაში”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.
ღონისძიებას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტი „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის გატარების მხარდაჭერა ტყის დეგრადაციით გამოწვეული სათბური აირების ემისიის შემცირების მიზნით“ კლიმატის მწვანე ფონდის მიერ, 2020 წლის 19 აგვისტოს, 33 მილიონი ევროს ოდენობის გრანტით დამტკიცდა. პროექტი, ტყის მდგრადი მართვის სისტემის დანერგვის მხარდაჭერის გზით, ტყის ახალი კოდექსის პრაქტიკულ განხორციელებას შეუწყობს ხელს.