8-03-2018
ზუგდიდის მთავარ ხეივანში „თანასწორობის მოძრაობის“ ადგილობრივი ოფისის წარმომადგენლებმა ქალთა უფლებების დასაცავად აქცია -პერფორმანსი გამართეს. აქციის ორგანიზატორებმა ქალის ფეხსაცმლები გამოფინეს, რომელსაც თან იმ ქალების ისტორიები ახლდა, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო საკუთარ პრობლემებზე ღიად არ საუბრობენ.
„ამ აქციით ჩვენ შევეცადეთ ქალების სათქმელი მოგვეტანა საზოგადოებამდე, ვინც ვერ უერთდება ქალთა უფლებებისთვის გამართულ აქციას. დღეს შევეცადეთ ამ ფორმით გაგვეჟღერებინა ყველა იმ ქალის სათქმელი, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო უწევს დუმილი. ეს ქალები არიან სქესისა და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინირებული. აქ არიან შრომოთი მიგრანტები, შრომითი ექსპლუატაციისა და სექსუალურ ძალადობის მსხვერპლებიც“, - აღნიშნა „თანასწორობის მოძრაობის“ სოციალურმა მუშაკმა ცაბუნია ვართაგავამ.
დღეს ქალთა საერთაშორისო დღეა. წელს ქალთა საერთაშორისო დღე ქალთა უფლებების, თანასწორობისა და სამართლიანობისთვის მიძღვნილი გლობალური მოძრაობის პარალელურად აღინიშნება.
8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ 1975 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ (გაერო) აღიარა.
რადიო "ათინათი"