13-10-2020
ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა შემდეგი 4 წლის განმავლობაში, რა უნდა გავაკეთოთ ყოველდღიურად და როგორ უნდა მოხმარდეს თითოეული დღე, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს და თითოეულ მუნიციპალიტეტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ასპინძაში, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახალციხის, ასპინძის, ადიგენისა და ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ, ანტონ ობოლაშვილის წარდგენაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, 2013 წელს, ასპინძის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო შემოსავალი, დაახლოებით, 180 000 ლარი ოყო, ხოლო დღეს 10 მლნ ლარზე მეტია.
„მოგესალმებით ასპინძელებო! საოცარი ისტორიის, ციხესიმაგრეების და ღვთაებრივი ვარძიის კუთხის შვილებო. საქართველოსა და ასპინძის მომავალზე თქვენთან ერთად საუბარი, რა თქმა უნდა, ჩვენთვის დიდი პატივია და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენ არ გვაქვს დრო წარსულში ჩასარჩენად და წარსულზე სასაუბროდ. ჩვენ, იმის გათვალისწინებით, რომ გვაქვს კონკრეტული გეგმა შემდეგი 4 წლის განმავლობაში, რა უნდა გავაკეთოთ ყოველდღიურად და როგორ უნდა მოხმარდეს თითოეული დღე, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს და თითოეულ მუნიციპალიტეტს. მარტივ ციფრს გეტყვით, 2013 წელს, ასპინძის მუნიციპალიტეტის შემოსავალი იყო დაახლოებით 180 000 ლარი, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო შემოსავლები, დღეს ეს არის 10 მლნ ლარზე მეტი. მარტივი ციფრებია. ასპინძაში მიმდინარეობს ისეთი სამუშაოები, როგორიც არის საირიგაციო წყლის მომარაგება, სარწყავი სისტემის წესრიგში მოყვანა. დაახლოებით 500 ჰექტარი უკვე მოყვანილია წესრიგში, ახლა მიმდინარეობს დამატებითი პროექტი და გაკეთდება კიდევ დამატებით 500 ჰექტარი სარწყავი სისტემის უზრუნველყოფა“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი გახარიამ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში საქართველოში სისტემურ ინფრასტრუქტურაზე, მინიმუმ, 20 მილიარდი ლარი დაიხარჯება.
„რა თქმა უნდა, არის ბევრი პრობლემა. ჩვენ ვხედავთ, რომ სასმელი წყალი, ისევე, როგორც წყალარინების სისტემა, ისევე, როგორც ბევრი სკოლა და საბავშვო ბაღი ჯერ კიდევ წესრიგშია მოსაყვანი. მარტივ ციფრს გეტყვით, მომავალი 4 წლის განმავლობაში, საქართველოში, სისტემურ ინფრასტრუქტურაზე დაიხარჯება მინიმუმ 20 მილიარდი ლარი. ყველაფერი ის, რასაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ვაკეთებდით, ეს არის გზები, სკოლები, ბაღები, სარწყავი სისტემები, წყალმომარაგების სიტემები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გაგრძელდება, პირველ რიგში, იმიტომ, რომ სხვაობა არ უნდა იყოს, როგორ ცხოვრობს ადამიანი თბილისში, ბათუმში, ასპინძაში თუ სხვაგან. ყველა ჩვენს მოქალაქეს უნდა ჰქონდეს დაახლოებით თანაბარი უფლება, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ის“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, გლეხობიდან გახდეს ძლიერი ფერმერი, რომ შეძლოს ჯერ ღირსეულად არჩინოს თავისი ოჯახი, შემდგომ კი სხვა ადამიანები დაასაქმოს.
„ასპინძას, ამ მიმართულებით, სერიოზული პოტენციალი აქვს, როგორც ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით, ასევე, სოფლის მეურნეობის განვითარების თვალსაზრისით. ამიტომ, ყველა ის პროგრამა, არ აქვს ამას მნიშვნელობა, რომელ მიმართულებას აირჩევს თითოეული თქვენგანი, ეს იქნება სოფლის მეურნეობის მიმართულებით, თუ მაგალითად ტურიზმის მიმართულებით, რა თქმა უნდა, სახელმწიფო დაგიდგებათ გვერდით. ამისთვის სახელმწიფოს აქვს კონკრეტული თანხები, კონკრეტული ბიუჯეტები გამოყოფილი და იმასაც ვაკეთებთ, რომ ეს პირველი ნაბიჯი ბიზნესში, რაც არ არის მარტივი, ბევრს ამის ეშინია, ამას საკმაოდ დიდი სითამამე და მხნეობა სჭირდება, ამ პირველი ნაბიჯის გადადგმისთვის. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეს დავუდგეთ გვერდით.
ამიტომ ყველა ის პროგრამა რომლისთვისაც ადრე თქვენ გიწევდათ თბილისში, სამინისტროებში სიარული ჩვენ უკვე ჩამოვიტანეთ თქვენთან რეგიონში და ასპინძაში იქნება ეს საზოგადოებრივი ცენტრი, თუ იუსტიციის სახლი, შეგეძლებათ ზუსტად იგივე მომსახურება, იგივე ინფორმაცია მიიღოთ, იქამდეც, რომ შეგეძლებათ აქ უკვე დატრენინგებულ ადამიანებთან ერთად კონკრეტულ კონტრაქტს მოაწეროთ ხელი, რათა პროგრამებში დაიწყოთ მონაწილეობის მიღება“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
მთავრობის მეთაურმა არჩევნებზე საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ღირსეული გამარჯვება.
„სახელმწიფომ, რა თქმა უნდა, უნდა შეგვიქმნას ინფრასტრუქტურა, მაგრამ საბოლოო ჯამში, მაინც ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული და ჩვენს გასაკეთებელს არავინ გააკეთებს. მესმის, რომ ეს რთულია, რომ ამას დიდი სითამამე სჭირდება, მაგრამ სახელმწიფო იმისთვის არსებობს, რომ ასეთ დროს ღირსეულ, თამამ და ნიჭიერ ადამიანებს დაუდგეს გვერდით.
ახლა რაც შეეხება არჩევნებს - რა თქმა უნდა, არჩევნები არის ძალზედ მნიშვნელოვანი, მაგრამ ამ არჩევნებში ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ის, რომ ჩვენ 31 ოქტომბერს ღირსეულად გავიმარჯვებთ და არავის მივცეთ შესაძლებლობა, რომ პროვოკაციების სახით რაიმე სახის ჩრდილი მიაყენოს ჩვენს გამარჯვებას. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შეიძლება ბევრის მოთმენა მოგვიწიოს, შეიძლება ბევრი პროვოკაცია უნდა მოვითმინოთ და თვალიც დავხუჭოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი შვილების მომავალი იყოს წყნარი, მშვიდობიანი და ყველამ ერთად შევძლოთ ამ ქვეყნის კიდევ უფრო ეკონომიკურად გაძლიერება, ევროპულად დემოკრატიული ქვეყნის ჩამოყალიბება. ასპინძელებო, გამარჯვებას გისურვებთ!“, - აღნიშნა პრემიერმა.