16-10-2020
ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში - „ნამდვილ რიცხვებში“ დავით გარეჯის საკითხზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საქმე გვაქვს სახელმწიფოს ღალატთან. მან მისი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში გარეჯის პრობლემასთან დაკავშირებით მამა კირიონთან შეხვედრა გაიხსენა. „მე ვიყავი პრემიერ-მინისტრი და, ბუნებრივია, საკითხით დაინტერესება იყო ჩემი პირდაპირი ვალდებულება. გარდა იმისა რომ მე, როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს და პატრიოტს მაქვს განცდა და ემოცია დავით გარეჯის მიმართ,” - აღნიშნა მან.
თავდაცვის მინისტრმა ისაუბრა ამ საკითხთან დაკავშირებით ჩატარებულ კვლევებზე, ასევე მოძიებულ რუკებზე. „ჯერ კიდევ 1938 წელს კავკასიის რესპუბლიკები შეთანხმდნენ, რომ იმ წელს გამოყენებულ რუკებს გამოიყენებდნენ საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის დროს.
მაშინ საბჭოთა კავშირი იყო და ეს რესპუბლიკები საბჭოთა კავშირში შევიდნენ ასეთი, ასე ვთქვათ საზღვრებით. 1996 წელს, მაშინდელი პრეზიდენტების, ედუარდ შევარდნაძისა და ჰეიდარ ალიევის თაოსნობით 2 სახელმწიფოს შორის შეთანხმება გაფორმდა, რომელშიც წერია შავით თეთრზე, რომ 2 სახელმწიფოს შორის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციას გააგრძელებდნენ 1938 წლის რუკის მიხედვით. 1:200 000-იანი რუკა საქართველოში ვერ მოვიძიეთ. მე მაშინ დავავალე ჩემს სამსახურებს, რომ დაიწყეთ ამ რუკის მოძიება. არქივებში არ იყო არსად. მიუხედავად იმისა, რომ დიდი რაოდენობით იყო დაბეჭდილი და არ უნდა ყოფილიყო რთული,” - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. დავით-გარეჯის პრობლემაზე საუბრისას, ირაკლი ღარიბაშვილმა ვრცლად ისაუბრა წინა ხელისუფლების ანტისახელმწიფოებრივ დამოკიდებულებაზე.