20-11-2017
სოფელ აბასთუმნის სკოლის შენობის მესაკუთრემ გენადი ენდელაძემ ახალციხის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა. იგი სკოლის შენობიდან პედაგოგებისა და მოსწავლეების გამოსახლებას ითხოვს.
ახალციხის რაიონულ სასამართლოში სხდომა დღეს, 20 ნოემბერს 11:00 საათზე გაიმართა. მოსარჩელე გენადი ენდელაძე, რომელიც სოფელ აბასთუმანში მდებარე სკოლის შენობის მესაკუთრეა, სკოლიდან პედაგოგების და მოსაწვლეების გამოსახლებას ითხოვს.
ენდელაძეს და მოპასუხე მხარეს, რომელსაც სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან ობოლაშვილი წარმოადგენდა, მოსამართლე ლუიზა თოდუამ მორიგება შესთავაზე. ამ მიზეზით სხდომა 27 ნოემბრამდე გადაიდო.
პროცესის დასრულების შემდეგ გენადი ენდელაძემ განაცხადა, რომ ვიდრე იგი სასამართლოში სარჩელს შეიტანდა, სკოლას წერილობით მიმართა: „ვთავაზობდი მათ, რომ გაფორმებულიყო შესაბამისი ხელშეკრულება და ქირა 1000 ლარი გადაეხადათ, მაგრამ უარი თქვეს. როგორც ვიცი თანხის ამ ოდენობას განათლების სამინისტრო არ დაეთანხმა“.
რა შეთავაზება აქვთ მხარეებს ერთმანეთთან მორიგების ეტაპზე უცნობია. სასამართლო ქეთევან ობოლაშვილმა კომენტარის გარეშე დატოვა.
განათლების სამინისტროში კი კომენტარს არ აკეთებენ: „მორიგების შედეგები ცნობილი სასამართლოში გახდება“, – გვითხრეს აღნიშნული უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
შეგახსენებთ, რომ აბასთუმნის სკოლის ირგვლივ დავა წლებია მიმდინარეობს. გენადი ენდელაძემ შენობა, რომელშიც აბასთუმნის საჯარო სკოლა 1992 წლიდანაა განთავსებული 1991 წლამდე იყიდა. მაშინ აქ ყველ–კარაქის ქარხანი იყო. მოგვიანებით კი, როგორც თავად ამბობს, სოფლის და რაიონის მაშინდელი გამგებლების თხოვნით სკოლას დაუთმო.
სკოლა 2011 წლამდე გენადი ენდელაძის საკუთრებაში იყო რეგსიტრირებული, 2011 წელს კი მან ადიგენის ადგილობრივ თვითმმართველობასთან ჩუქების ხელშეკრულება გააფორმა.თუმცა ეს ასე მარტივად არ მომხდარა. ამავე წელს გენადი ენდელაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. მას ბრალი სსკ–ის 210 მუხლით გათვალისიწნებული დანაშაულის ჩადენაში ედებოდა. რაც ყალბი ზედნადების დამზადება–გამოყენებას გულისხმობდა.მისივე თქმთ, მას შემდეგ რაც სკოლის შენობა დათმო, ციხიდან გამოუშვეს. მეორე დღესვე კი ადიგენის თვითმმართველობასთან ჩუქების ხელშეკრულება გააფორმებინეს.მოგვიანებით კი მასთან 10 ათას ლარზე ჯარიმა გააფორმეს და საქმე დაასრულეს.
ხელისუფლების სათავეში "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ გენადი ენდელაძემ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებაზე დავა დაიწყო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სკოლა მას გადაეცა.
აბასთუმნის საჯარო სკოლაში ამჟამად 65 მოსწალვე სწავლობს და 25 პირია დასაქმებული.
წყარო: "სამხრეთის კარიბჭე"