19-10-2020
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე აბაშაში, აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ალექსანდრე მოწერელიას წარდგენაზე სიტყვიტ გამოვიდა.
კალაძის გამოსვლის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
"დიდი პასუხისმგებლობაა დღეს თქვენ წინაშე დგომა, მითუმეტეს როდესაც ვაცნობიერებ, რომ საუბარი მიწევს მშრომელ, პოზიტიურ, საკუთარ მხარესა და სამშობლოზე შეყვარებულ, მომავლის იმედით აღსავსე ადამიანებთან.
აბაშაში და მთლიანად სამეგრელოში განსაკუთრებული ხასიათის, მოწესრიგებული, სტუმარ-მასპინძლობის საოცარი ტრადიციების მქონე ადამიანები ცხოვრობენ, რომლებიც ყოველთვის ახერხებენ სხვების გვერდით დგომას და დახმარების ხელის გაწვდენას. შეუძლებელია, არ აღფრთოვანდე ასეთი ადამიანებით, შეუძლებელია არ აღფრთოვანდე ამ ულამაზესი კუთხით და კონკრეტულად ამ პატარა, გამორჩეულად ლამაზი ქალაქით.
შეუძლებელია იყო პოლიტიკაში, გქონდეს ამბიცია, რომ გიყვარს საკუთარი ქვეყანა, საკუთარი რეგიონები, ქალაქები და აქაურობის გალამაზებაზე, კიდევ უფრო განვითარებაზე არ ზრუნავდე. 2012 წელს სწორედ ამ იდეის გარშემო გაერთიანებულმა ქართულმა საზოგადოებამ მოახერხა რეჟიმის ცვლილება და იმ დღიდან, ჩვენი პოლიტიკური გუნდი სწორედ პროგრესზეა ორიენტირებული, რომელიც მხოლოდ ადამიანების უფლებების დაცვის, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის, ადამიანზე ზრუნვის კვალდაკვალ შეიძლება იქნეს მიღწეული.
დარწმუნებული ვარ, ყველაზე უკეთ სწორედ თქვენ გრძნობთ და ხედავთ, რომ განვლილი 8 წლის მანძილზე, ჩვენ ქვეყანაში, ყველა მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ. დავიწყოთ სოფლის მეურნეობის მიმართულებით, განათლება, ჯანდაცვა, ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული პროგრამები, რომლითაც ძალიან ბევრმა ადამიანმა ისარგებლა და ბევრს მიეცა შესაძლებლობა, რომ განევითარებია მცირე და საშუალო ბიზნესი.
მინდა, ყველას გამარჯვებები და წარმატებები გისურვოთ.
ერთად საქართველოს წარმატებისთვის!" - განაცხადა კალაძემ.