19-10-2020
მშრომელი ადამიანი, აქ, ყოველთვის იყო დიდი ღირებულება. ეს შრომა, რომელიც აქ, მიწის ყოველ გოჯზე ჩანს და ყოველთვის ჩანდა, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და სახელმწიფოს ვალდებულებაა, ყველანაირად ხელი შეუწყოს მშრომელ ადამიანს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, აბაშაში, აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ალექსანდრე მოწერელიას წარდგენისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობა შრომისმოყვარე მოქალაქეს ყოველთვის დაუდგება გვერდით.
„ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობაა, აქ, თქვენთან ერთად საუბარი საქართველოს მომავალზე, დიდი კონსტანტინეს და საქართველოს პირველი პრეზიდენტის სამშობლოში. ამ კუთხემ 90-იანებში ძალიან ბევრი სირთულე გამოიარა, ისე, როგორც მთლიანად სამეგრელომ და მთლიანად საქართველომ, მაგრამ მშრომელი ადამიანი, აქ, ყოველთვის იყო დიდი ღირებულება. ეს შრომა, რომელიც აქ, მიწის ყოველ გოჯზე ჩანს და ყოველთვის ჩანდა, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და სახელმწიფოს ვალდებულებაა, ყველანაირად ხელი შეუწყოს მშრომელ ადამიანს, გლეხ აბაშელ ადამიანს, რომ გახდეს ძლიერი ფერმერი. მე ვიცი, რომ აქ ბევრი პროექტი კეთდება და კიდევ უფრო მეტი უნდა გაკეთდეს. მე გპირდებით, რომ საქართველოს მთავრობა ყოველთვის, ჩვენს შრომისმოყვარე მოქალაქეს დაუდგება გვერდით, ყველა სახით - ცოდნის გაზიარებით, ფინანსური დახმარებით, სხვადასხვა პროგრამებით, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ და უნდა გავაგრძელოთ ეს ყველაფერი ერთად“, - განაცხადა პრემიერ - მინისტრმა.
გიორგი გახარიას თქმით, აბაშაში შეუძლებელია მომავალზე საუბარი სოფლის მეურნეობის განვითარების გარეშე და ამიტომ, ის რესურსი, რომელიც აბაშაში არის სოფლის მეურნეობის განსავითარებლად, იქნება ყურადღების ცენტრში.
„ჩვენ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი, სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი გავაკეთეთ ბოლო წლების განმავლობაში, თუმცა კიდევ ბევრი შესაძლებლობები გვაქვს იმისთვის, რომ თითოეულ ქალაქში ცხოვრება კიდევ უფრო კომფორტული გახდეს, გარემო გახდეს ისეთი, სადაც ღირსეულ ადამიანს შეეძლება ღირსეული შრომით, ღირსეულად არჩინოს თავისი ოჯახი და აქ, აბაშაში, ამის ბევრი შესაძლებლობაა. აბაშაში შეუძლებელია მომავალზე საუბარი სოფლის მეურნეობის განვითარების გარეშე და ამიტომ, ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ის რესურსი, რომელიც აბაშაში არის სოფლის მეურნეობის განსავითარებლად, იქნება ყურადღების ცენტრში, რათა ჩვენ ყველანაირად ხელი შეგიწყოთ იმისთვის, რომ თქვენ ეს ყველაფერი განავითაროთ. ჩათვალეთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა გლეხს დაუდგება ყოველთვის გვერდით და ეს არ არის ფუჭი სიტყვები, დავუდგებით გვერდში იმიტომ, რომ გახდეს ძლიერი ფერმერი და დაასაქმოს თავისი ნათესავი, მეგობარი, მეზობელი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი გახარიამ სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში, სისტემურ ინფრასტრუქტურაში, საქართველოს მასშტაბით, დაიხარჯება მინიმუმ 20 მილიარდი ლარი.
„რა თქმა უნდა, ელემენტარული სისტემური ინფრასტრუქტურა უნდა მოვიყვანოთ წესრიგში - გზები, წყალმომარაგება, რაც სერიოზული პრობლემაა აბაშის სოფლებში, გაზიფიცირება, რაც ასევე პრობლემაა და უნდა გავაგრძელოთ, სკოლები, ამბულატორიები, საბავშვო ბაღები.
ბოლო წლების განმავლობაში, აბაშის მუნიციპალიტეტში, მე ვგულისხმობ 2012 წლის შემდგომ, სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, 100 მლნ ლარზე მეტია დახარჯული. თუმცა მინდა გითხრათ, რომ საქართველოს მთავრობას აქვს კონკრეტული გეგმა - მომავალი 4 წლის განმავლობაში, სისტემურ ინფრასტრუქტურაში, საქართველოს მასშტაბით, დაიხარჯება მინიმუმ 20 მილიარდი ლარი, რა თქმა უნდა, აქ იქნება აბაშის წილიც საკმაოდ მნიშვნელოვანი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, გავაკეთებთ და მივაღწევთ მიზანს, რომ 4 წლის თავზე საქართველოს და სამეგრელოს თითოეული ქალაქი კიდევ უფრო ახლოს იყოს ევროპული ქალაქის სტანდარტებთან, ელემენტარულად იმისთვის, რომ ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენს ღვაწლმოსილ მოხუცებს ჰქონდეთ ისეთი პირობები ადგილზე შრომის, განვითარების, ცხოვრების, როგორიც აქვთ თბილისში, ბათუმში და სხვაგან. არ უნდა იყოს აბაშელი ახალგაზრდა იძულებული, რომ განათლების მისაღებად, ელემენტარული სამედიცინო დახმარების მისაღებად მიდიოდეს სხვაგან. ამას ჩვენ ვუწოდებთ სისტემური ინფრასტრუქტურის წესრიგში მოყვანას, იმისთვის, რომ ყველანი ჩვენ, ჩვენს პატარა სამშობლოში ვცხოვრობდეთ კომფორტულად და ვვითარდებოდეთ ისე, როგორც ჩვენ გვინდა. ამისთვის ჩვენ გვჭირდება გამარჯვება, გამარჯვება 31 ოქტომბერს მათ შორის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველანი გავიმარჯვებთ“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე მოწერელიაზე საუბრისას განაცხადა, რომ ის იქნება ღირსეული წარმომადგენელი საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში.
„თქვენი დეპუტატობის კანდიდატი იქნება თქვენი ხმის ღირსეული წარმომადგენელი საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. ალექსანდრე მოწერელია ზედმიწევნით ზუსტად იცნობს თითოეულ პრობლემას, რომელიც თითოეულ ამ სოფელშია, რამეთუ ის წლების განმავლობაში აქ იყო გუბერნატორი და მინდა გითხრათ, რომ ყველაფერს დავამარცხებთ, პანდემიასაც დავამარცხებთ და ამ პირბადეებსაც მოვიხსნით მაშინ, როდესაც ეს საჭირო იქნება და ამის შესაძლებლობა იქნება. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ უნდა ვატაროთ, იმიტომ რომ ვერც ერთმა ქვეყანამ ვერაფერი უფრო ეფექტური პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ვერ მოიფიქრა, ვიდრე პირბადეა. ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ, პატივი ვცეთ ჩვენი მეგობრების, ჩვენი თანამოქალაქეების, ღვაწლმოსილი მოხუცების ჯანმრთელობას და ეს პირბადე უნდა ვატაროთ, სანამ ეს საჭიროა და სანამ ექიმები ამის რეკომენდაციას გვაძლევენ. ეკონომიკურ კრიზისსაც გავუმკლავდებით და დავამარცხებთ და რა თქმა უნდა, ამ არჩევნებშიც გავიმარჯვებთ. გამარჯვებას გისურვებთ აბაშელებო!“, - განაცხადა პრემიერ - მინისტრმა.