12-03-2018
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში საბერძნეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ დიმიტრიოს კარაბალისს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
მთავრობის თავმჯდომარემ ბერძენ დიპლომატს მისი ქვეყნის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და ელჩს ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.
მხარეებმა აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მძიმე მდგომარეობასა და მათ შესასწავლად სეპარატისტული რეჟიმის მიერ ქართველი სპეციალისტების არდაშვებაზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გალის რაიონში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე გამახვილდა, მათ შორის, მდინარე ენგურზე არსებული ე.წ. გადასასვლელების დახურვით გართულებულ ვითარებაზე, აგრეთვე სკოლებში ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვასა და იძულებითი პასპორტიზაციით გამოწვეულ პრობლემებზე.
ასევე საუბარი შეეხო მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, კერძოდ, სოფლის მეურნეობაში აზიური ფაროსანას მიერ გალის რაიონის მოსახლეობისათვის მიყენებულ ზიანზე, ასევე ისაუბრეს კოლხური ბზის გადასარჩენად განხორციელებულ პროექტებზე.
თავის მხრივ, დიმიტრიოს კარაბალისმა ვახტანგ ყოლბაიას მიწოდებული ინფორმაციისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით საბერძნეთის მთავრობის ურყევი პოზიცია კიდევ ერთხელ დაადასტურა.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის პროტოკოლის სამსახურის უფროსი ბესიკ სილაგაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.