გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური "მთავარ არხს" სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს

30-11-2020

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტელეკომპანია "მთავარ არხს" სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს. უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"კოვიდპანდემიის მიუხედავად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყველა დანაყოფი შეუფერხებლად მუშაობს. განსაკუთრებულად კონტროლდება სანიტარული და უსაფრთხოების ნორმები სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტში, რადგან მათ პირდაპირი შეხება აქვთ მოქალაქეებთან.

მეხანძრე-მაშველები უზრუნველყოფილი არიან ინდივიდუალური დაცვის ყველა საჭირო საშუალებით. ყოველ შაბათ-კვირას ხდება სახანძრო-სამაშველო ძალების შენობების დეზინფექცია, ხოლო რომელიმე დანაყოფში ინფექციის დადასტურების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ტარდება არაგეგმიური დეზინფექცია, როგორც შენობების, ასევე, ავტომობილების.

ამ დროისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, 3 ათასი მეხანძრე-მაშველიდან "კოვიდ-19" დადასტურებული აქვს მხოლოდ 173 მეხანძრე-მაშველს.

ყველა თანამშრომელს, ვისაც დადასტურებული აქვს "კოვიდ-19", უტარდება შესაბამისი მკურნალობა, ხოლო ის თანამშრომელი, ვისაც დაუფიქსირდება ინფიცირებულთან კონტაქტი, გადადის თვითიზოლაციაში და 72 საათში უტარდება PCR ტესტი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გააჩნია სათანადო რესურსი და ინფრასტრუქტურა, რომ საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ბაზაზე, კვალიფიციურ სპეციალისტთა გუნდით, თანამედროვე, მსოფლიო მასშტაბით აპრობირებული, უახლესი სისტემებითა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გენეტიკური ექსპერტიზის ლაბორატორიით, PCR ლაბორატორიაში შეძლოს დღეში 1000 ლაბორატორიული კვლევის ჩატარება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სრულად იცავს საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს, რის შედეგადაც მეხანძრე-მაშველები შეუფერხებლად ასრულებენ საკუთარ მოვალეობას და ემსახურებიან მოქალქეებს.

ამ დროისთვის, სახანძრო-სამაშველო ძალებში რაიმე სახის ეპიდაფეთქებაზე საუბარი არის საფუძველს მოკლებული და ტყუილი.

ტელეკომპანია "მთავრი არხის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მასში დაშვებულია რამდენიმე ფაქტობრივი შეცდომა:

1. სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტში ეპიდაფეთქება არ არის.

2. "112"-ის თანამშრომელი არ არის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი.

3. საუბარია სააგენტოზე, როგორც სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტზე, რაც ბუნებაში არ არსებობს.

შესაბამისად, ე.წ. სატელეფონო ინტერვიუ ტირაჟირებს ტყუილს.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებამდე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს "მთავარი არხი" ინფორმაციის გადამოწმების მიზნით არ დაკავშირებია" - ნათქვამია განცხადებაში.