გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გიორგი გახარია: აუცილებელია, შევქმნათ ყველანაირი პირობა, რომ კულტურის სფეროს კომერციალიზაციას მივეხმაროთ

24-12-2020

პანდემიის პირობებში კულტურის სფეროს მოღვაწეების მხარდაჭერის საკითხი ერთ-ერთი გამოწვევა და პრობლემაა იმისა, რომ პოსტსაბჭოთა პერიოდის შემდგომ, ბოლო 30 წლის განმავლობაში, ჩვენი კულტურის სფეროს კომერციალიზაცია ვერ მოვახდინეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

მისი შეფასებით, ამ საკითხზე შეფასებები სხვადასხვაგვარია - ზოგი თვლის, რომ ეს შეუძლებელია, ზოგი კი მიიჩნევს, რომ აუცილებელია.

„თუმცა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენნაირი ეკონომიკების პირობებში ეს არის აუცილებელი პირობა, რითაც ჩვენი კულტურის სფეროს უნდა დავეხმაროთ, შევქმნათ ყველანაირი პირობა, ინფრასტრუქტურა და ეკოსისტემა იმისთვის, რომ კულტურის სფეროს კომერციალიზაციას მივეხმაროთ. მაგრამ, ვიდრე ეს არ მომხდარა, კულტურის სფერო დღეს, ისევე როგორც ხშირ შემთხვევაში სპორტი, თუმცა სპორტის კომერციალიზაცია უფრო ეფექტურად მიმდინარეობს, პირდაპირ არის დამოკიდებული სახელმწიფოს მხარდაჭერაზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩანს, რომ პანდემიის პირობებში კულტურის სფეროს წარმომადგენლები დარჩნენ დახმარების გარეშე, ბევრი რაღაც იქაც გაკეთდა. კულტურის სფეროს ბევრ დაწესებულებას ფინანსური მხარდაჭერა გაეწია, მიუხედავად იმისა, რომ სრულად იყვნენ გაჩერებულები, რათა თანამშრომლები არ გაეშვათ. ეს შეიძლება იყოს მუზეუმები, თეატრები და კიდევ ბევრი რამ, მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ ფუნქციონირებდნენ. ეს, რა თქმა უნდა, გასაგრძელებელი და გასაძლიერებელია. გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უკვე დაგეგმილი კულტურული ღონისძიებები, კონკურსები იქნება, გამოფენები თუ სხვა რამ, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი ეკონომიკური და ტურისტული შემადგენელი ნაწილი დღეს ამას არ აქვს, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ, რათა მიმდინარე დონეზე მაინც შენარჩუნდეს სამუშაო ადგილები ამ სფეროში. კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია, ვნახავთ. მერწმუნეთ, არ დაგვვიწყებია, უბრალოდ, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ქვეყნის ბიუჯეტი საკმაოდ დიდი გამოწვევების წინაშეა და მაქსიმალურად ვცდილობთ, სამართლიანად და იქ, სადაც ყველაზე მეტად საჭიროა, მივეხმაროთ. მოვალთ კულტურამდეც“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.